თურქეთს Typhoon-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მიეწოდება - ანკარამ და ლონდონმა პარტნიორობის ახალი თავის დაწყება გამოაცხადეს

  • დიდი ბრიტანეთი და თურქეთი პარტნიორობას აძლიერებენ — Typhoon-ის თვითმფრინავების მულტიმილიარდიანი გარიგება ახლოსაა.

NATO-ს სიდიდით მეორე არმიის მქონე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იასარ გიულერმა და ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილმა, 17-ე საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენის (IDEF) ფარგლებში, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს (MoU), რომელიც Eurofighter Typhoon-ის ოპერატორების სიაში თურქეთის გაწევრიანებას ითვალისწინებს.


ორივე მხარე ხაზს უსვამს ორი ქვეყნის მჭიდრო თავდაცვით თანამშრომლობას, რომელიც NATO-ს ჩართულობით და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობით გაძლიერდა. თურქეთი Eurofighter-ის შესყიდვასთან ახლოსაა. 


Eurofighter Typhoon-ი გერმანიის მიერ მიწოდებული კომპონენტებით დიდ ბრიტანეთში დამზადდება. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე - 4.5 თაობის მრავალფუნქციურ საბრძოლო თვითმფრინავად ითვლება.


ამ შეთანხმების მიღებით, თურქეთი თანამედროვე საბრძოლო ავიაციის სფეროში გაძლიერდება. ბრიტანეთი და თურქეთი თავდაცვის მრეწველობაში პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავენ. 

 „ორივე მინისტრმა აიღო ვალდებულება, გააღრმაოს ეს სტრატეგიული პარტნიორობა ალიანსის კოლექტიური შეკავების პოლიტიკის მხარდასაჭერად,“ - განაცხადა თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ.


მისივე თანახმად, „ორი ქვეყანა აგრძელებს შესანიშნავ პროგრესს Eurofighter Typhoon-ის ექსპორტის კუთხით.“

„დღევანდელი შეთანხმება გააძლიერებს NATO-ს ძირითად მოკავშირეებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მეგობრულ კავშირებს და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება თურქეთის მოწინავე საბრძოლო საჰაერო შესაძლებლობების გაძლიერებისკენ. ეს აღნიშნავს თურქეთ-დიდი ბრიტანეთის პარტნიორობის ახალი თავის დასაწყისს, რომელიც ერთობლივად იმუშავებს შესაძლებლობების სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად და მხარს დაუჭერს ორივე ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიას, მსოფლიოში წამყვანი აღჭურვილობის ორმხრივი შესყიდვის გზით,“ - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.


თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთი ხსენებული მემორანდუმის გაფორმებას „მნიშვნელოვან ნაბიჯად“ მიიჩნევს. 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთთან პოტენციური გარიგების შესახებ მოლაპარაკებები მომდევნო კვირების განმავლობაში გაგრძელდება, რადგან ეს იქნება პირველი საექსპორტო შეკვეთა, რომელსაც ბრიტანეთი Typhoon-ისთვის 2017 წლის შემდეგ მიიღებს.


მანამდე, 22 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრისას, თურქეთისთვის Eurofighter Typhoon-ის გამანადგურებლების მიყიდვის მიმდინარეობა განიხილა, იტყობინება Reuters ერდოღანის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით. ერდოღანმა განაცხადა, რომ თავდაცვის სექტორის განვითარება დადებით გავლენას მოახდენს ორ მხარეს შორის თანამშრომლობაზე. 


პარალელურად, გერმანულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა Der Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ფედერალურმა უშიშროების საბჭომ დაამტკიცა თურქეთის წინასწარი მოთხოვნა 40 Eurofighter Typhoon-ის გამანადგურებელის მიწოდებაზე. კერძოდ, საბჭომ დაამტკიცა თურქეთის მოთხოვნა, რომელიც 2023 წლის მარტში იყო წარდგენილი.


რა არის Eurofighter Typhoon 

ერთადგილიანი, ორ ძრავიანი, ე.წ. „იხვის“ კონსტრუქციით აგებული, მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი, რომლის მთავარი ფრთების ფორმა ბერძნულ დელტას მოგვაგონებს. შემუშავებულია და აგებული სამი კომპანიის  (EADS, Alenia Aeronautica და BAE Systems) მიერ.