უკრაინა და ისრაელი შეთანხმდნენ, რომ ირანის საფრთხესთან დაკავშირებულ დიალოგს დაიწყებენ.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ კიევში, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საართან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, უკრაინა და ისრაელი თანამშრომლობას გაღრმავებენ და თავდაცვით ტექნოლოგიურ პროექტების დაწყებას გეგმავენ.
ისრაელელ კოლეგასთან მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებს.
ამ კონტექსტში, მან აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველთვის იყო და რჩება საერთაშორისო სამართლის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღწევის ერთგული. სიბიჰამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა და ისრაელი ამჟამად საერთო უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგანან.
„ირანი და რუსეთი ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენენ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ, მთლიანად გლობალური უსაფრთხოებისთვის. ირანი აგრძელებს რეგიონის დესტაბილიზაციას, ცდილობს თავისი ბირთვული პროგრამის განვითარებას და ტერორისტულ დაჯგუფებებს იარაღით ამარაგებს.
მოსკოვი, თეირანი და ფხენიანი გაერთიანდნენ რეჟიმების კრიმინალურ ალიანსში, რომლებიც ერთმანეთს უჭერენ მხარს და მთელ თავისუფალ სამყაროს ემუქრებიან. ამ საფრთხეების გათვალისწინებით, ჩვენ შევთანხმდით მრავალმხრივი და ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ ირანის საფრთხესთან დაკავშირებით ცალკე დიალოგის დაწყება - ამაზე მინისტრთან შევთანხმდით,“ - აღნიშნა სიბიჰამ.
თავის მხრივ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ისრაელს, არამედ, რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას, მათ შორის, უკრაინის უსაფრთხოებას.
„დღეს ჩვენ შევთანხმდით ჩვენს სამინისტროებს შორის ირანის საფრთხესთან დაკავშირებით სტრატეგიული დიალოგის ჩატარებაზე. ირანული იარაღისა და ტექნოლოგიების წინააღმდეგ ჩვენი ქმედებები ხელს უწყობს ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოებას. ირანს არ უნდა მიეცეს საშუალება, განახორციელოს თავისი ბირთვული ამბიციები,“ - აღნიშნა საარმა.
მისივე განცხადებით, ისრაელის სახელმწიფო მოუწოდებს მტკიცე და მდგრადი მშვიდობისკენ, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას.