ISW: რუსეთი ამახინჯებს უკრაინაში შიდა პროტესტების არსს

აშშ-ში დაფუძნებული, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე შიდა საპროტესტო აქციებს საინფორმაციო ომის ინსტრუმენტად იყენებს უკრაინის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისა და კიევისადმი საერთაშორისო მხარდაჭერის შესასუსტებლად.


ISW-ის მონაცემებით, კრემლის პროპაგანდისტები და ჩინოვნიკები ამახინჯებენ პროტესტების არსს, წარმოაჩენენ მათ, როგორც ომის საწინააღმდეგო და ზელენსკის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტებს. ასეთი რიტორიკა ისმის როგორც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროში, ასევე რუსულ მედიაში. ეს კრემლის სტრატეგიის ნაწილია: ომის გახანგრძლივება, დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტება და ფრონტის ხაზზე უპირატესობის მოპოვება.


22 ივლისს, რადამ მიიღო კანონი No12414, რომელიც, კრიტიკოსების აზრით, ზღუდავს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (SAPO) დამოუკიდებლობას. კანონმა საპროტესტო აქციები გამოიწვია კიევში, ლვოვში, დნეპრსა და ოდესაში. NABU-ს ხელმძღვანელმა პრეზიდენტს ვეტოსკენ მოუწოდა, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რითაც ანტიკორუფციული სააგენტოების რუსული გავლენისგან „გაწმენდის“ აუცილებლობა გამოაცხადა.


ერთი დღით ადრე, SBU-მ და უკრაინის სხვა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს ჩხრეკა და დააკავეს NABU-ს თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვის საფუძველზე. NABU-მ განაცხადა, რომ SBU-მ ადრე შეამოწმა ეს თანამშრომელი და მისი დანაშაულის დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა.