უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას რუსეთი სამოქალაქო პირებზე თავდასხმებით პასუხობს.
„გუშინ, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე, რუსულ მხარეს კიდევ ერთხელ გადაეცა წინადადება დაუყოვნებლივი და სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. პასუხად, რუსულმა დრონებმა ოდესაში საცხოვრებელი კორპუსები და „პრივოზის“ ბაზარი, ჩერკასში საცხოვრებელი კორპუსები, ხარკოვის ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ზაპოროჟიეში უნივერსიტეტის სპორტდარბაზი დაბომბეს. ასევე, მათ დონეცკის, სუმისა და ნიკოლაევის ოლქები დაბომბეს,“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, რუსულმა ძალებმა 103 დრონი და 4 რაკეტა გამოიყენეს.
„სამწუხაროდ, ხარკოვის ოლქში სამი ადამიანი დაიღუპა. მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებ. ჩერკასში ათზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ცხრა წლის ბავშვი,“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „რუსეთი ტერორს აგრძელებს და ცდილობს, დიპლომატიას ხელი შეუშალოს“.
„ამიტომ, აუცილებელია სრულმასშტაბიანი სანქციები და ჩვენ მიერ დარტყმების განხორციელება მათ სამხედრო ბაზებსა და სამხედრო საწარმოო ობიექტებზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ დიპლომატიამ იმუშაოს. თუმცა, ეს ომი რუსეთმა უნდა დაასრულოს - ომი, რომელიც თავად დაიწყო,“ - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.