„ყაზახური ნავთობის ექსპორტის გაფართოება და შუა დერეფნის განვითარება“ - რა შეთანხმებები გააფორმეს ასტანამ და ანკარამ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა კოლეგამ, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, სამშაბათს, ყაზახეთის ლიდერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 20 შეთანხმებას მოაწერეს ხელი:

  • მათ შორის შუა დერეფნით (რკინიგზის მარშრუტით) ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით თანამშრომლობისა და ბიზნესის განვითარების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „თურქეთის რკინიგზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა უფუკ იალჩინმა, „Pacific Eurasia Logistics“-ის თავმჯდომარის მოადგილემ ეროლ ერკანმა და „JSC NC Kazakhstan Temir Zholy“-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ტალგატ ალდიბერგენოვმა.

თოყაევის ვიზიტის ცენტრალური ელემენტი იყო ძლიერი პოლიტიკური დიალოგისა და საგარეო პოლიტიკის უფრო მჭიდრო თანხვედრის დადასტურება. ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას და მხარდაჭერა გამოხატა გლობალური მმართველობის სისტემის რეფორმირების მიმართ.


ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და ახალი შეთანხმებები

განხილვები ძირითადად ვაჭრობასა და ექსპორტზე თანამშრომლობაზე იყო ორიენტირებული. ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, 18 ახალ სამთავრობათშორისო შეთანხმებასთან ერთად, რომლებიც 60-ზე მეტი დოკუმენტის არსებულ სამართლებრივ ჩარჩოს აფართოებენ და თურქული ინტეგრაციის უფრო ფართო ეტაპებს საფუძველს უყრიან.


ეს შეთანხმებები რეალურ შესაძლებლობებს ქმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სექტორებში, მათ შორის, დიგიტალიზაციაში, ლოგისტიკაში, ენერგეტიკაში, მედიკამენტებსა და სოფლის მეურნეობაში თანამშრომლობითი საწარმოებისთვის. თურქეთმა ასევე გამოთქვა ინტერესი ყაზახეთის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების განხორციელების მიმართ, მათ შორის, ახალ ინფრასტრუქტურაში, ელექტროენერგიის დეფიციტის მოსაგვარებლად. 


ერდოღანმა დისკუსიები „პროდუქტიულად“ შეაფასა და ხაზი გაუსვა ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. „ყაზახეთი რეგიონში უდიდესი ეკონომიკაა და ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ განვიხილეთ თემების ფართო სპექტრი - თავდაცვიდან და ენერგეტიკიდან დაწყებული, ტრანსპორტით, მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დამთავრებული. ასევე განვიხილეთ თანამშრომლობა იშვიათი მინერალების მოპოვების მიმართულებით, ყაზახური ნავთობის ექსპორტის გაფართოება თურქეთის გავლით და ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის - თანამედროვე აბრეშუმის გზის ალტერნატივის განვითარება,“ - განაცხადა ერდოღანმა.


ყაზახეთში თურქული ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 5.8 მილიარდ დოლარს შეადგენს და მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა, წარმოება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა.


ცნობილ ინვესტორებს შორის არიან Coca-Cola Icecek, Aksa Energy და Yildirim Group. ყაზახეთი ასევე ინვესტიციებს ახორციელებს თურქეთში: 2025 წელს Kaspi.kz-მ 1.1 მილიარდ დოლარად შეიძინა ელექტრონული კომერციის პლატფორმა Hepsiburada-ს საკონტროლო პაკეტი და ის ასევე მონაწილეობს ეგეოსის ზღვის სანაპიროს ტურისტულ პროექტებში.


ლოგისტიკა და ენერგეტიკა: ახალი მარშრუტები და ერთობლივი პროექტები

თოყაევმა და ერდოღანმა ასევე განიხილეს სატრანსპორტო სფეროში უფრო ღრმა ინტეგრაციის პერსპექტივები. ყაზახეთი მაქსიმალურად ცდილობს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითრებას, რადგან რუსეთში გამავალი ტრადიციული მარშრუტები, სანქციების გამო, აქტუალობას კარგავს.


„ჩვენ ვახდენთ რკინიგზის მოდერნიზებას, ვაშენებთ გზებს და ვაახლებთ კასპიის პორტის ინფრასტრუქტურას. ჩვენ ვიწვევთ თურქულ კომპანიებს ამ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად,“ აღნიშნა თოყაევმა.


განხილვის საგანი ასევე იყო ყაზახური ნავთობის ექსპორტის გაზრდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით. რადგან თურქეთი ენერგეტიკული ცენტრის როლში შემოდის, ეს მარშრუტი შეიძლება, გლობალური ენერგეტიკული სცენის მუდმივად ცვალებად ტალღებში მყარი სამაშველო რგოლი გახდეს.


ასტანა-ანკარის ღერძი

თოყაევის ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებში გარდამტეხი მომენტი იყო, რადგან ორივე მხარემ მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელება და თანამშრომლობის გაძლიერება დაიწყო. ხელმოწერილი შეთანხმებები ხაზს უსვამს არამხოლოდ ძლიერ პოლიტიკურ ნდობას, არამედ, მზარდი ორმხრივი ინტერესის ჩამოყალიბებას მდგრადი ეკონომიკური კავშირების დამყარების მიმართ, მათ შორის, სამრეწველო თანამშრომლობა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება და ორმხრივი ინვესტიციები. 


ყაზახეთი და თურქეთი სისტემატურად ქმნიან თანამშრომლობის ჩარჩოს, რაც ამ პარტნიორობას ფუნდამენტურად სტრატეგიულს ხდის და არამხოლოდ ტრანზაქციულს.

თოყაევის ვიზიტი სცილდებოდა უბრალო დიპლომატიურ პროტოკოლს. ეს იყო ყაზახეთის სტრატეგიული ამბიციის გადამწყვეტი ინდიკატორი, ასტანა ჩაერთოს როგორც პროაქტიული თანაარქიტექტორი გლობალური წესრიგის რეკონფიგურაციაში; აძლიერებს ალიანსებს მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებთან, თურქეთი კი, ახლა ცალსახად მდებარეობს ამ ჩარჩოში.

წყარო