ყაზახეთი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ შუა დერეფნის პოტენციალი რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელებით გააძლიერონ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ასტანაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენს ქვეყნებს შეიძლება, ვუწოდოთ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მტკიცედ დამაკავშირებელი ხიდი. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს საერთო უპირატესობა. ამიტომ, ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად შევთანხმდით, რომ გავზარდოთ შუა დერეფნის პოტენციალი რამდენიმე პროექტის განხორციელებით. მე მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება ორივე ერის ინტერესებს,“ - აღნიშნა თოყაევმა.
ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, საჰაერო ტრანსპორტი და ტვირთების გადაზიდვა თანამშრომლობის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებად რჩება.
მანვე აღნიშნა, რომ TAV Airports Holding გეგმავს ალმატის საერთაშორისო აეროპორტის ცენტრალური აზიის ლოჯისტიკურ ცენტრად გადაქცევას.
„ჩვენ მზად ვართ, ამ პროექტს ყოვლისმომცველი მხარდაჭერა გავუწიოთ. ასევე, ველით თურქ ინვესტორებთან მჭიდრო თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში სხვა ინიციატივების განსახორციელებლად. ყაზახეთის მთავრობა მზადაა, თურქულ ბიზნესს განსაკუთრებული შეღავათები შესთავაზოს,“ - განმარტა თოყაევმა.
ცნობისთვის, შუა დერეფანი სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტია, რომელიც აზიასა და ევროპას რეგიონის რამდენიმე ქვეყნის გავლით აკავშირებს. ის ტრადიციული ჩრდილოეთისა და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივას წარმოადგენს. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან, გადის ცენტრალურ აზიაში, კვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს და აღწევს ევროპას, რაც უფრო მოკლე სახმელეთო ალტერნატივას წარმოადგენს უფრო გრძელი საზღვაო მარშრუტებისთვის.