საქართველომ და აზერბაიჯანმა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში შეთანხმებებს მოაწერეს ხელი

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიანი მთავრობათაშორისი სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ხელმოწერილი პაკეტის თანახმად, ორი ქვეყანა 20-წლიან პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე შეთანხმდა, რომლებიც 2027 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.


მთავრობათაშორისი შეთანხმებების პაკეტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა მოაწერეს. ამასთან, აზერბაიჯანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ახალი შეთანხმება გაფორმდა.


კერძოდ, ხელი მოეწერა აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვაზე 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, „სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.“


„სტრატეგიული თვალსაზრისით, მიღწეული ისტორიული შეთანხმებები გააძლიერებს საქართველო - აზერბაიჯანის ეკონომიკურ კავშირებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაში. პროექტი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს პოზიციებს, როგორც ელექტროენერგიის ძირითადი სატრანზიტო ქვეყნისა და მწვანე ენერგეტიკული ჰაბის საერთაშორისო დონეზე.


საქართველოს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, აზერბაიჯანი შეძლებს თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის რეგულარულ და მასშტაბურ ტრანზიტს, რაც საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ფართო რეგიონულ კონტექსტში კიდევ უფრო ზრდის.


აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, ასევე ხელი მოეწერა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისა და ტრანზიტის გადახრების შეთანხმებების ძირითად პირობებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის. ასევე გაფორმდა ელექტროენერგიის ტრანზიტის მომსახურების შეთანხმების ძირითადი პირობები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის,“ - წერია ეკონომიკის სამინისტროსმიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ასევე, ბაქოში გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა.


გაფორმებული დოკუმენტი მოიცავს მარაბდიდან თურქეთის საზღვრამდე (კარწახი) რკინიგზის მონაკვეთის რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციას და მშენებლობას.


მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება. 


  • მიმოსვლა 2020 წლიდან,პანდემიის დაწყებიდან იყო შეჩერებული.

დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრნენ.


ცნობისთვის, 18 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. აზერბაიჯანი „მსოფლიო ურბანულ ფორუმს“ მასპინძლობს.