ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებლებმა რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერეს - Reuters

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ინდოეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს. ამის შესახებ ბრიტანული მედია ნავთობის ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით წერს.


მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის გამო გააფრთხილა და წინა კვირაში სხვა ალტერნატივებთან შედარებით, რუსული ნედლი ნავთობის ფასმა იმატა. 


ოთხმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ გასულ კვირაში ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებლებს - Indian Oil Corp-ს, Hindustan Petroleum Corp-ს, Bharat Petroleum Corp-სა და Mangalore Refinery Petrochemical Ltd-ს - რუსული ნავთობის არ შეუსყიდიათ. წყაროების მიხედვით, ხსენებული ოთხი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რეგულარულად ყიდულობდა რუსულ ნავთობს, თუმცა ამჯერად მის ჩასანაცვლებლად სპოტ ბაზარი აირჩიეს - მეტწილად, ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთ აფრიკის ნავთობი. 


Reuters-ის ცნობით, ინდოეთში რუსული ნავთობის უდიდესი შემსყიდველები კერძო ნავთობგადამამუშავებლები - Reliance Industries და Nayara Energy - არიან, თუმცა სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ქვეყანაში ნავთობგადამუშავების საერთო მოცულობის 60%-ს აკონტროლებენ.

ინდოეთი მსოფლიოს ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებს შორის სიდიდით რიგით მესამე ქვეყანაა და ზღვით გადაზიდული რუსული ნედლი ნავთობის ყველაზე დიდი შემსყიდველია.