ზელენსკი: მოსკოვზე დამატებითი ზეწოლა და სანქციებია საჭირო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ კიევში გუშინდელი თავდასხმის შედეგად, 31 ადამიანი, მათ შორის, ხუთი ბავშვი დაიღუპა. ზელენსკის თქმით, ყველაზე პატარა ბავშვი მხოლოდ ორი წლის იყო. 159 ადამიანი დაშავდა, მათგან 16 ბავშვი იყო. 


უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ასეთი მძიმე დარტყმა აჩვენებს, რომ მოსკოვზე დამატებითი ზეწოლა და სანქციებია საჭირო. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დუმდეს.


„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ჩვენს ხალხს. ჩვენ ვაფასებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი, ევროპელი ლიდერები, ჩვენი სხვა პარტნიორები ნათლად ხედავენ, რა ხდება და გმობენ რუსეთს. მხოლოდ ივლისში რუსებმა გამოიყენეს 5100-ზე მეტი მართვადი საავიაციო ბომბი, 3800-ზე მეტი „შაჰედი“, სხვადასხვა ტიპის თითქმის 260 რაკეტა, რომელთაგან 128 ბალისტიკურია. ამის შეჩერება მხოლოდ ერთად შეგვიძლია: ამერიკა, ევროპა, სხვა გლობალური სუბიექტები. ჩვენს შორის ყველა ურთიერთქმედება მნიშვნელოვანია. ყოველი დღე მნიშვნელოვანია. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება,“ წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.