თურქეთმა, იტალიამ და ლიბიამ სტამბოლში, თანამშრომლობის სამიტი გამართეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს, პირველ აგვისტოს, სტამბოლში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის და ლიბიის პრემიერ-მინისტრ აბდულ-ჰამიდ დბეიბაჰს უმასპინძლა სამიტზე, რომელიც მიგრაციის საკითხებზე, თანამშრომლობის გაძლიერებასა და ლიბიის პოლიტიკური სტაბილურობის მხარდაჭერაზე იყო ორიენტირებული. შესაბამის ინფორმაციას AP ავრცელებს.


დახურულ კარს მიღმა გამართული სხდომის შემდეგ, მელონის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამივე მხარემ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერება განიხილა, მათ შორის, მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულება.


„მელონიმ შეაქო თურქეთთან მიგრაციის კონტროლის სფეროში თანამშრომლობით მიღწეული „შესანიშნავი შედეგები“ და აღნიშნა, რომ ანკარასთან თანამშრომლობით მიღებული გაკვეთილები, გამოყენებული უნდა იყოს მიგრაციის საკითხთან დაკავშირებული ძალისხმევის მხარდასაჭერად, ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში. ერდოღანმა თავის მხრივ, განაცხადა, რომ მიგრაციის ძირითადი მიზეზის აღმოსაფხვრელად საჭიროა „გრძელვადიანი და მდგრადი“ გადაწყვეტილებები, ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.


ლიბია, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ომსა და სიღარიბეს გამოქცეული მიგრანტებისთვის დომინანტური სატრანზიტო პუნქტია. ქვეყნის სანაპიროსთან დაღუპვის შემთხვევები ხშირია. დეკემბერში, ლიბიის დასავლეთ სანაპიროზე, სულ მცირე 61 მიგრანტი დაიხრჩო, მათ შორის, ქალები და ბავშვებიც იყვნენ. 


ცნობისთვის, ამ შეხვედრამდე, ერდოღანმა და მელონიმ სატელეფონო საუბრები გამართეს. ერდოღანი ბოლოს რომს აპრილის ბოლოს ეწვია ორ ქვეყანას შორის მეოთხე სამთავრობათაშორისო სამიტზე. მან და მელონიმ გეოპოლიტიკური კრიზისები, ასევე, ლიბიის მომავალი განიხილეს.