სომხეთი სომხურ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო სწავლება Eagle Partner 2025-ს უმასპინძლებს. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„წვრთნებში მონაწილეობას სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ჯარები და კანზასის ეროვნული გვარდია მიიღებს,“ - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნების მიზანს სამშვიდობო ოპერაციებისთვის, კერძოდ, სამედიცინო ევაკუაციის პროცედურებისთვის მომზადება წარმოადგენს. წვრთნის მიზანია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე დანაყოფების ურთიერთქმედების გაძლიერება, კონტროლისა და ტაქტიკური კომუნიკაციის საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა და სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო დანაყოფის მზადყოფნის გაუმჯობესება.
საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებისთვის მომზადებული დანაყოფები, მსგავს ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და სწავლებაში, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად რეგულარულად მონაწილეობენ.
სომხეთ-აშშ-ის ერთობლივი წვრთნები Eagle Partner 2025 სომხეთში 12-20 აგვისტოს გაიმართება.