Reuters: რუსეთს ბენზინის დეფიციტი ემუქრება

Reuters-ის ცნობით, რუსეთს, ექსპორტის აკრძალვის მიუხედავად, აგვისტოში შესაძლოა, ბენზინის დეფიციტი შეექმნას, რადგან შიდა მარაგების დაბალი დონე, სეზონური პიკური მოთხოვნა და შიდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში სარემონტო სამუშაო, ბაზარზე გავლენას ახდენს. ორშაბათს დაწესებული აკრძალვა, რომელიც 31 აგვისტომდე გაგრძელდება, რუსეთის ბაზრის სტაბილიზაციას და სოციალურად მგრძნობიარე საავტომობილო საწვავის ფასების ზრდის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.


თუმცა ტრეიდერები ამბობენ, რომ ეს, სავარაუდოდ, ბაზრის დაბალანსებისთვის საკმარისი არ იქნება, რადგან ბენზინის ექსპორტის მოცულობა გაცილებით მცირეა, ვიდრე შიდა მოხმარება და მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს, მაშინაც კი, თუ ის ადგილობრივ ბაზარზე გადამისამართდება.


„ამჟამად, ბენზინის წარმოება ზაფხულისთვის ნორმალურ დონეზეა. გაყიდვებიც მოლოდინების ფარგლებშია. თუმცა, კერძო ტრეიდერებს მარაგი არ აქვთ,“ - განაცხადა მსხვილი ნავთობკომპანიის წყარომ.


„რუსეთის აეროპორტებში ფრენების ხშირმა დაგვიანებამ, ასევე გამოიწვია ბენზინის მოხმარების ზრდა, რადგან მგზავრები ავტომობილებზე გადადიან,“ განაცხადეს წყაროებმა.

ბაზრის მონაწილეები და ინდუსტრიის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბენზინის დეფიციტი, სავარაუდოდ, სექტემბრამდე გაგრძელდება, თუმცა ფასები შესაძლოა, ოქტომბერში შემცირდეს, როდესაც ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაასრულებენ რემონტს, ხოლო მოთხოვნა სეზონური პიკი გადაივლის.