წყარო - ისრაელის მე-12 არხი:
- ისრაელი და აშშ „ჰამასისთვის“ ულტიმატუმზე მუშაობენ
- ღაზის სექტორის განიარაღება
- ყველა მძევლის გათავისუფლება
- ღაზაში აშშ-ის ხელმძღვანელობით დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნა
- უარის თქმის შემთხვევაში, ისრაელი „ჰამასის“ დასაშლელად სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიას დაიწყებს
- ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 2 აგვისტოს, თელ ავივში ისრაელელი ტყვეების ოჯახებს შეხვდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ შეხვედრა დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა
ისრაელი და აშშ „ჰამასისთვის“ წარსადგენი ულტიმატუმის შემუშავებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მოთხოვნები ღაზის სექტორის დემილიტარიზაციას, ყველა მძევლის გათავისუფლებას და ღაზის სექტორში აშშ-ის ხელმძღვანელობით დროებითი მთავრობის შექმნას მოიცავს. გავრცელებული ინფორმაციით, თუ „ჰამასი“ უარს იტყვის მოთხოვნებზე, ისრაელი, სავარაუდოდ, ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას დაიწყებს.
ისრაელის პოლიტიკური წყაროების ცნობით, მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის მიღწეული.
წყარომ განმარტა, რომ ისრაელსა და აშშ-ს შორის იქმნება შეთანხმება, რომ „ჰამასის უარის“ გათვალისწინებით, ისინი მძევლების ნაწილის გათავისუფლების გეგმიდან, ყველა მძევლის გათავისუფლების, „ჰამასის“ განიარაღების და ღაზის სექტორის დემილიტარიზაციის გეგმაზე უნდა გადავიდნენ. მაღალი თანამდებობის პირების ცნობით, „ნაწილობრივი შეთანხმებები აღარ იქნება.“
მანამდე, ფინანსთა მინისტრმა ბეზალელ სმოტრიჩმა მოუწოდა ისრაელის თავდაცვის ძალებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ღაზის სექტორის სრული ოკუპაციისთვის: „გაანადგურეთ ყველა ტერორისტი, გაანადგურეთ ყველა ტერორისტული ინფრასტრუქტურა, როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა, და დაამყარეთ სამხედრო მმართველობა სექტორში.“
აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა „ჰამასმა“ განაცხადა, რომ არ განიარაღდება პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნამდე.