სომხეთში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

სომხეთში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მომიტინგეებმა რეზიდენციაში შესასვლელის გადაკეტვა სცადეს, რადგან პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შენობაში არ შესულიყო.

როგორც ცნობილია, დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტ არმენ სარქსიანს შეხვდა.

პრეზიდენტის მცდელობა, ერთად შეეკრიბა მთავრობის მეთაური და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, უშედეგო აღმოჩნდა, რის შემდეგაც არმენ სარქსიანმა მხარეებთან ცალ-ცალკე შეხვედრა დაგეგმა.

როგორც მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს, ფაშინიანმა და სარქსიანმა განიხილეს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და შიდაპოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზები. აღნიშნულ კონტექსტში განხილული იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ვარიანტი.