უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალისტებმა, რუსეთის უახლესი წყალქვეშა ნავის - სტრატეგიული დანიშნულების ატომური წყალქვეშა ნავის -K-555 „კნიაზ პოჟარსკის“ შესახებ შიდა მოხმარების დოკუმენტები მოიპოვეს. ამის შესახებ “უკრაინისკაია პრავდა“ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
955A პროექტის „ბორეი-A“ წყალქვეშა ნავები კრემლის ე.წ. ბირთვული ტრიადის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. წყალქვეშა ნავებს აქვთ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების P-30-ის „ბულავა-30ის“, 16 გამშვები მოწყობილობა, თითოეულს ათამდე საბრძოლო ქობინის ტარება შეუძლია.
სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა ნავი „კნიაზ პოჟარსკი“ რუსეთის საზღვაო ძალების ჩრდილოეთის ფლოტის 31-ე წყალქვეშა დივიზიას 2025 წლის 24 ივლისს შეუერთდა. მისი მუდმივი ბაზა მურმანსკის ოლქია. „პოჟარსკი“ საბრძოლო მზადყოფნაში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, მიიღო.