Reuters: დრონებით შეტევის შედეგად, რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება გაანახევრა

უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად, რუსეთის ქალაქ რიაზანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იძულებული გახდა, საწვავის გადამუშავება თითქმის გაენახევრებინა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქარხანაზე, რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ მფლობელობაშია, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 2 აგვისტოს იყო.


Reuters-ის წყაროს ცნობით, რიაზანის ქარხანაში გაჩერდა ნავთობის პირველადი გადამუშავების ორი ძირითადი დანადგარი. ერთის საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 8 600 ტონაა, ხოლო მეორის - 11 400.

ქარხანაში მუშაობს მხოლოდ ერთი დანადგარი, რომელიც სრული სიმძლავრის დაახლოებით 48%-ს შეადგენს. 4 აგვისტოს სააგენტომ კომენტარისთვის მიმართა კომპანია „როსნეფტს“, თუმცა პასუხი არ მიუღია. რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით ადრეც არაერთი შეტევა იყო. მათ შორის 2025 წლის 24 თებერვალს.

 სააგენტო Reuters-ის ინფორმირებული წყაროები იუწყებოდნენ, რომ ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.