Reuters – “ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო”

“ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღების გადაწყვეტილება მიიღო”, – იუწყება Reuters.

მისივე ცნობით, ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრაზე საქართველო, კანადა და ტუნისი იმ ქვეყნების სიიდან ამოიღეს, რომელთაც კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გარეშე შეეძლოთ შენგენის ზონაში შესვლა, გადაწყვეტილების მიზეზი კი ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობაა.

“გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის ბოლოს მოვა სისრულეში, სანამ რომელიმე წევრი ქვეყნის წარმომადგენელი მას არ გაასაჩივრებს”, – იუწყება Reuters.

სია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, რეკომენდაციის მიუხედავად, უცხოელ ტურისტებზე შეზღუდვებს არ აწესებს.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 351 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსის შედეგად კი 14 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 172 გარდაიცვალა.