ინფიცირებული კოღოს მიერ გადამდები ვირუსული ცხელების, ჩიკუნგუნიას შემთხვევები იზრდება და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) მონაცემებით, წლის დასაწყისიდან მთელ მსოფლიოში დაახლოებით 240 000 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.
ვირუსის შემთხვევები ივლისამდე პერიოდში, ამერიკის, აფრიკის, აზიისა და ევროპის 16 ქვეყანასა და რეგიონში დაფიქსირდა, რამაც 90 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. შემთხვევების უმეტესობა ლათინურ ამერიკაში დაფიქსირდა, ხოლო აზიაში 34 000-ზე მეტი ინფექცია დადასტურდა ჩინეთიდან, ინდოეთიდან, შრი-ლანკიდან, მავრიკიიდან, სინგაპურიდან, პაკისტანიდან, ტაივანიდან და ჰონგ-კონგიდან.
ჩიკუნგუნიას შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა ამერიკაში ფიქსირდება: ბრაზილიაში 185 553, ბოლივიაში 4 721, არგენტინაში 2 836 და პერუში 55 შემთხვევა დაფიქსირდა. აზიაში, ვირუსული დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა - თითქმის 8 000 - წელს ჩინეთის სამხრეთ პროვინციაში, გუანდუნგში დაფიქსირდა.
სინგაპურსა და ტაივანში ასევე დაფიქსირდა ინფექციის 17-17 შემთხვევა, ინფიცირებულთა უმეტესობას დაზარალებულ რეგიონებში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. აფრიკის რეგიონში ჩიკუნგუნიას შემთხვევები სენეგალსა და კენიაში დაფიქსირდა.
ამასობაში, ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებმა იმპორტირებული შემთხვევები დააფიქსირეს სხვა აფრიკული ქვეყნებიდან, როგორიცაა, მადაგასკარი და სეიშელის კუნძულები.
ჩიკუნგუნიას ვირუსი ინფიცირებული კოღოს ნაკბენით ვრცელდება და ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია სიცხე და სახსრების ტკივილი. ვირუსი იშვიათად არის ფატალური შედეგის გამომწვევი, მაგრამ ახალშობილები, ხანდაზმულები და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან.