ისტორიული სამიტის შედეგები, რა შეთანხმებები გაფორმდა თეთრ სახლში

სომხეთმა და აზერბაიჯანმა თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.  აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” შექმნის შესახებ შეთანხმებას ასევე მოაწერეს ხელი. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა.
 
ტრამპის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომლითაც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

„ეს ნამდვილად დიდი დღეა. ზოგიერთი სხვა დიდი ანონსი გვაქვს, მაგრამ მათ შესახებ განცხადების გაკეთება არ მინდოდა, რადგან არ მინდოდა რამეს ცოტათი მაინც დაეჩრდილა ის, რაც დღეს მოხდა. სიკვდილისა და ზიზღის 35 წელი და ახლა იქნება ერთად სიყვარული, პატივისცემა და წარმატება. არა მგონია, რომ ეს შეიძლება, დაიჩრდილოს. ომი იყო, ამდენი ადამიანი იტანჯებოდა, ამდენი ადამიანი იქნა მოკლული და ახლა დიდი მშვიდობა გექნებათ… ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა. გილოცავთ, შესანიშნავი ლიდერები ხართ, ისტორიაში შეხვალთ… ეს ნამდვილად ძალიან, ძალიან განსაკუთრებული რამეა,” - განაცხადა ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.

 „სომხეთი და აზერბაიჯანი იღებენ ვალდებულებას, სამუდამოდ შეწყვიტონ ყველანაირი ბრძოლა, გახსნან ვაჭრობა, მოგზაურობა და დიპლომატიური ურთიერთობები და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ ასევე ხელს აწერს ორმხრივ შეთანხმებას ორივე ქვეყანასთან თანამშრომლობის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის სფეროში.

„ჩვენ ასევე ვაუქმებთ შეზღუდვებს აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე.“ „ეს დიდი საქმეა,“ - განაცხადა ასევე დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისტორიულ სამიტზე.
 
შეერთებული შტატების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას გულისხმობს.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი შეთანხმების დასახელება - „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ - მისი ინიციატივა არ ყოფილა და მხარეებმა შესთავაზეს, რისთვისაც მადლიერება გამოთქვა. „თქვენ ისტორიაში შეხვალთ“ - მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და აშშ ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები და ეს ისტორიული დღეა
ასევე ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი „თავისუფლების მხარდამჭერი აქტის“ 907-ე სექციის გაუქმებას - ჩანაწერს, რომელიც კრძალავდა შტატების მთავრობის მიერ აზერბაიჯანის მთავრობის დახმარებას. 

 „ჩვენ გადავშლით დაპირისპირებისა და სისხლისღვრის გვერდს და უზრუნველვყოფთ ჩვენი შვილებისთვის ნათელ და უსაფრთხო მომავალს,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. 


„დღევანდელი განცხადებები... იძლევა ნდობას და გარანტიას, რომ ჩვენ ვხსნით სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თავს,“ - განაცხადა თავი მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
 
 რას გულისხმობს კონკრეტულად შეთანხმებები 
 
შეთანხმება მოიცავს აშშ-ის ექსკლუზიურ უფლებებს სამხრეთ კავკასიაში გამავალ სტრატეგიულ სატრანზიტო დერფანზე, რომელსაც „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ ეწოდება. არც ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია და არც აშშ-სთან ცალკეული ორმხრივი შეთანხმებები არ გამოქვეყნებულა. Reuters-ი წერს, რომ ჯერჯერობით არ არის ნათელი, თუ როგორ გადაჭრის პარასკევს ხელმოწერილი შეთანხმება ისეთ რთულ საკითხებს, როგორიცაა, საერთო საზღვრების დემარკაცია და ბაქოს მოთხოვნა ერევნის კონსტიტუციის შეცვლის შესახებ.