ალიევი ფაშინიანს: ერთად წარვადგინოთ პრეზიდენტი ტრამპი ნობელის პრემიაზე

თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნიკოლ ფაშინიანს შესთავაზა, ერთად წარადგინონ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე.

„სხვა ვინ იმსახურებს ნობელის მშვიდობის პრემიას, თუ არა პრეზიდენტი ტრამპი?!“ - განაცხადა ალიევმა.

„იქნებ შევთანხმდეთ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან, რომ გავუგზავნოთ ერთობლივი მიმართვა ნობელის კომიტეტს, რათა პრეზიდენტ ტრამპს მიენიჭოს ნობელის მშვიდობის პრემია,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.


მანვე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ მიმართვის ავტორები იქნებიან ქვეყნების ლიდერები, რომლებიც 35 წლის განმავლობაში იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ და ახლა სწორედ დონალდ ტრამპის დამსახურებით მიაღწიეს მშვიდობას.

მანამდე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის სრულიად უჭერს მხარს დონალდ ტრამპისათვის ნობელის პრემიის მინიჭებას.

„ის იმსახურებს ნობელის მშვიდობის პრემიას. ჩვენ ამას ... ხელს შევუწყობთ. დღევანდელი მოვლენა ამის ნათელი გამოხატულებაა.“

„იმედი მაქვს, მოგვიწვევთ [დაჯილდოების ცერემონიალზე]“ - მიმართა ფაშინიანმა ტრამპს.

„წინა რიგებში,“ - უპასუხა ტრამპმა.