„უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი უკრაინის კონსტიტუციაშია, ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ ვაჩუქებთ,“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან ალასკაზე შეხვედრისთვის მზადების შესახებ გამოაცხადა. ძალიან შორს ამ ომისგან, რომელიც ჩვენს მიწაზე, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მძვინვარებს და რომელიც ჩვენს გარეშე, უკრაინის გარეშე ვერ დასრულდება.
პუტინმა არ დაიჯერა ჩვენი ხალხის და ამიტომ მიიღო უიმედო გადაწყვეტილება, უკრაინის ხელში ჩაგდება სცადა. ეს იყო მისი მთავარი შეცდომა - უკრაინელების არგათვალისწინება. მე მჯერა ჩვენი ხალხის. უკრაინელები ძლიერები არიან. უკრაინელები იცავენ იმას, რაც მათ ეკუთვნით.
მსოფლიოში ბევრმა, ომის დროს უკრაინას დაუჭირა მხარი. მათაც კი, ვინც რუსეთს უჭერს მხარს, იციან, რომ რუსეთი ბოროტებას სჩადის. რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთს არ დავაჯილდოებთ იმისთვის, რაც ჩაიდინა.
უკრაინელი ხალხი იმსახურებს მშვიდობას. მაგრამ ყველა პარტნიორმა უნდა გაიგოს, რა არის ღირსეული მშვიდობა. ეს ომი უნდა დასრულდეს და ის რუსეთმა უნდა დაასრულოს. რუსეთმა დაიწყო და რუსეთი აჭიანურებს მას, ყველა ვადას უგულებელყოფს და ეს არის პრობლემა და არა სხვა რამ.
უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი უკვე უკრაინის კონსტიტუციაშია. ამისგან არავინ გადაუხვევს და ვერც ვერავინ შეძლებს. უკრაინელები თავიანთ მიწას ოკუპანტს არ აჩუქებენ. უკრაინა მზადაა რეალური გადაწყვეტილებებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობის მოტანა.
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ წინააღმდეგაა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის გარეშე მიიღება, ამავდროულად, მშვიდობის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებებია.
ისინი ვერაფერს მოიტანენ. ეს მკვდრადშობილი გადაწყვეტილებებია. ეს არის არაპრაქტიკული გადაწყვეტილებები.ჩვენ ყველას გვჭირდება რეალური და ჭეშმარიტი მშვიდობა. მშვიდობა, რომელსაც ხალხი პატივს სცემს. ჩვენ მზად ვართ, პრეზიდენტ ტრამპთან, ყველა ჩვენს პარტნიორთან ვითანამშრომლოთ, რეალური და, რაც მთავარია, მდგრადი მშვიდობისთვის.
მშვიდობისთვის, რომელიც მოსკოვის სურვილების გამო არ დაინგრევა. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა ხალხს ერთად ყოფნისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა ჯარისკაცს ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. მტკიცედ დადექით, ეს ჩვენი მიწაა, ჩვენ ვართ უკრაინა,“ განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა მოხდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. მანამდე, ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ პუტინს ალასკაზე, 15 აგვისტოს შეხვდება. ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში ომის დასასრულებლად „რაღაცაზე ხელის მოსაწერად მზად უნდა იყოს“.