უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დრონებმა რუსეთის ქალაქ ორენბურგში მდებარე ჰელიუმის ქარხანას დაარტყეს.
ერთ-ერთმა წყარომ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული საწარმო ერთადერთია რუსეთში, რომელიც რაკეტების წარმოებისთვის, კოსმოსური ინდუსტრიისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის კრიტიკულ კომპონენტს აწარმოებს.
„ორენბურგის ჰელიუმის ქარხანა რუსეთის ფედერაციაში ერთადერთი და ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ჰელიუმის წარმოების ობიექტია, რომლის წლიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 15 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია. ჰელიუმი ფართოდ გამოიყენება რაკეტების წარმოებაში, კოსმოსურ ინდუსტრიასა და ავიაციის ინდუსტრიაში. თავდასხმის ობიექტი პირდაპირ კავშირშია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასთან და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ მთავარ ობიექტს წარმოადგენს,“ - აღნიშნა წყარომ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოდან (ГУР).
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მათ უპილოტო საფრენი აპარატები დაინახეს და ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები გაიგონეს.