ზელენსკი: მოლაპარაკებების დღეს რუსები ხალხს კლავენ, ამერიკის ძლიერი პოზიციის იმედი გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ალასკაში მოლაპარაკებების დღესაც კი, რუსული ძალები აგრძელებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არ არსებობს ნიშანი, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს.


„ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას ჩვენი დაზვერვისა და დიპლომატიური არხებიდან, ალასკაში შეხვედრის მომზადების შესახებ – რას გეგმავს პუტინი, რა მესიჯებით მიდის ის. ასევე ვიღებთ ცნობებს უკრაინის რეგიონებში რუსული დარტყმების შემდეგ.


სუმში – რუსული იერიში ცენტრალურ ბაზარზე. დნიპროში – იერიშები ქალაქებსა და საწარმოებზე. ზაპოროჟიის, ხერსონის, დონეცკის რეგიონები – შეგნებული, მიზანმიმართული დარტყმები. ომი მძვინვარებს და გრძელდება სწორედ იმიტომ, რომ არ არსებობს არამხოლოდ ბრძანება, არამედ, სიგნალები მოსკოვიდან – ომის დასრულებისთვის მომზადების შესახებ.


მოლაპარაკებების დღესაც კი, ისინი კლავენ. და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. წინა დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპელ პარტნიორებთან – რა შეიძლება, რეალურად ამოქმედდეს. ყველას სჭირდება სამართლიანი დასასრული ამ ომისთვის. უკრაინა მზადაა, მაქსიმალურად ეფექტიანად იმუშაოს ომის დასასრულებლად.


ამერიკის ძლიერი პოზიციის იმედი გვაქვს,“ განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ რუსეთი მხოლოდ ძალას აღიქვამს სერიოზულად.