ზელენსკი დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ალასკაზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. უკრანის პრეზიდენტი მანამდე, ბრიუსელში შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს.


ზელენსკიმ დონალდ ტრამპს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისა და მისი პარტნიორების მიზანია ომის „სწრაფად და საიმედოდ“ დასრულება და რომ მშვიდობა ხანგრძლივი უნდა იყოს.


„ყველას თანაბრად გვსურს ამ ომის სწრაფად და საიმედოდ დასრულება. მშვიდობა კი, ხანგრძლივი უნდა იყოს. არა ისე, როგორც წლების წინ იყო, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა, ყირიმი და ჩვენი აღმოსავლეთის ნაწილი - დონბასის ნაწილი - დაეთმო, პუტინმა კი, ეს უბრალოდ ახალი შეტევისთვის პლაცდარმად გამოიყენა. ან როდესაც უკრაინას 1994 წელს „უსაფრთხოების გარანტიები“ მისცეს, მაგრამ ამან არ იმუშავა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, „რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავად დაიწყო.“


როგორც ცნობილია, ვაშინგტონში ასევე ჩავლენ NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროპელი ლიდერები, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.


უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის წინ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში Truth Social წერს, რომ უკრაინას რუსეთთან ომის დასრულება თითქმის მყისიერად შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება, ან შეუძლია, ბრძოლა გააგრძელოს.


„გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ობამას მიცემული (12 წლის წინ, ერთი გასროლის გარეშე!) ყირიმი ვერ დაბრუნდება და უკრაინა NATO-ში ვერ შევა. ზოგიერთი რამ არასდროს იცვლება!!!“- აცხადებს ტრამპი.


მისი თქმით, ხვალ თეთრ სახლში, სადაც ევროპელ ლიდერებს მასპინძლობენ, დიდი დღეა.

„ხვალ თეთრ სახლში დიდი დღეა. ამდენი ევროპელი ლიდერი არასდროს გვყოლია ერთდროულად. დიდი პატივია მათი მასპინძლობა!!!“- წერს ტრამპი.


დასავლური მედიის ცნობით, პუტინმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის მოითხოვს უკრაინისგან ჯარების გაყვანას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან და ამის სანაცვლოდ, მზადაა დარჩენილი ფრონტის ხაზის ნაწილი გაყინოს.

17 აგვისტოს, “მსურველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, საომარი მოქმედებების შეწყვეტისთანავე უკრაინაში მხარდაჭერის ძალები განალაგოს, ასევე, ხელი შეუწყოს უკრაინის საჰაერო და საზღვაო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას.


„ლიდერები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ უკრაინის მხარდაჭერა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომი ნაბიჯები პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის ალასკაში შეხვედრის შემდეგ. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი მხარდაჭერა და შეაქეს პრეზიდენტ ზელენსკის სურვილი სამართლიან და მდგრად მშვიდობასთან დაკავშირებით მაშინ, როცა ის ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან შემდგომი კონსულტაციებისთვის ემზადება”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი ხაზს უსვამენ, რომ კოალიციის ლიდერები ასევე მიესალმნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთგულებას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემასთან დაკავშირებით, რაშიც, მათი განცხადებით, კოალიცია სასიცოცხლო როლს შეასრულებს „მრავალეროვნული ძალების“ მეშვეობით.


„მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მზადყოფნას, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ განალაგონ მხარდაჭერის ძალები, რათა ხელი შეუწყონ უკრაინის ცისა და ზღვის უსაფრთხოებას და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ასევე აცნობეს ლიდერებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის ვაშინგტონში გაემგზავრებიან,“ - აღნიშნულია განცხადებაში.


ხსენებული განცხადება კოალიციის თანათავმჯდომარეებმა, საფრანგეთის პრეზიდენტმ, ემანუელ მაკრონმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.