„მსურველთა კოალიცია“ მზადაა, საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე უკრაინაში ძალები განალაგოს

“მსურველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, უკრაინაში მხარდაჭერის ძალები საომარი მოქმედებების შეწყვეტისთანავე განალაგოს, ასევე, ხელი შეუწყოს უკრაინის საჰაერო და საზღვაო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას. შესაბამისი განცხადება კოალიციის თანათავმჯდომარეებმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.


„ლიდერები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ უკრაინის მხარდაჭერა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომი ნაბიჯები პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის ალასკაში შეხვედრის შემდეგ. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი მხარდაჭერა და შეაქეს პრეზიდენტ ზელენსკის სურვილი სამართლიან და მდგრად მშვიდობასთან დაკავშირებით მაშინ, როცა ის ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან შემდგომი კონსულტაციებისთვის ემზადება”, - აღნიშნულია განცხადებაში.


ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი ხაზს უსვამენ, რომ კოალიციის ლიდერები ასევე მიესალმნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთგულებას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემასთან დაკავშირებით, რაშიც, მათი განცხადებით, კოალიცია სასიცოცხლო როლს შეასრულებს „მრავალეროვნული ძალების“ მეშვეობით.


„მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მზადყოფნას, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ განალაგონ მხარდაჭერის ძალები, რათა ხელი შეუწყონ უკრაინის ცისა და ზღვის უსაფრთხოებას და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ასევე აცნობეს ლიდერებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის ვაშინგტონში გაემგზავრებიან,“ - აღნიშნულია განცხადებაში.