სიიარტო: ნავთობსადენზე თავდასხმის შედეგად, უნგრეთს რუსული ნავთობის მიწოდება შეუწყდა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ნავთობსადენზე მიტანილი იერიშის შედეგად, რუსეთიდან უნგრეთში ნავთობის მიწოდება შეწყვეტილია. სიიარტო აცხადებს, რომ „ეს აღმაშფოთებელი და მიუღებელია.“


როგორც უნგრელი დიპლომატი აღნიშნავს, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ პაველ სოროკინმა მას აცნობა, რომ ექსპერტები მუშაობენ მილსადენის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტრანსფორმატორის სადგურის აღდგენაზე, მაგრამ ამ ეტაპზე მათ არ შეუძლიათ თქვან, როდის განახლდება მიწოდება.


„უნგრეთიდან მოწოდებული ელექტროენერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი [უკრაინის] ქვეყნის ენერგომომარაგებაში,“ - აღნიშნა სიიარტომ.


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა უნგრელი კოლეგის ბრალდების საპასუხოდ აცხადებს, როს „ეს რუსეთი, და არა უკრაინა, ვინც ომი დაიწყო და მის დასრულებაზე უარს ამბობს.“


სიბიჰას თქმით, უკრაინა წლების განმავლობაში ეუბნებოდა უნგრეთს, რომ რუსეთი არასანდო პარტნიორია. მიუხედავად ამისა, „ბუდაპეშტი ყველაფერს აკეთებდა, რომ შეენარჩუნებინა დამოკიდებულება რუსეთზე, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგაც კი.“

„ახლა, თქვენი საჩივრები და მუქარები, შეგიძლიათ, გაუგზავნოთ თქვენს მეგობრებს, რუსეთში,“ – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.


ცნობისთვის, უკრაინამ გააძლიერა თავდასხმები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც კრემლის საომარი მანქანისთვის საჭირო ფულის გამომუშავების მთავარ არხს წარმოადგენს, ნავთობისა და გაზის გაყიდვები კი, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლების მეოთხედს შეადგენს.