ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრაზე: უკრაინას ძალიან კარგი უსაფრთხოებით უზრუნველვყოფთ

„ჩვენ გვიყვარს ისინი,“ - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლთან შეკრებილ მედიას, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა იყო მისი გზავნილი უკრაინელი ხალხისთვის. ტრამპი ზელენსკის თეთრ სახლში მასპინძლობს. BBC წერს, რომ ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე, ტრამპი და ზელენსკი ყველაფერს აკეთებენ, რომ კონფრონტაციული ტონი არ აჩვენონ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის დასრულებასთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.


ტრამპს ჰკითხეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების და NATO-ს მსგავსი დაცვის მექანიზმის მიცემის შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს საკითხი ჯერ არ განხილულა. „მაგრამ ჩვენ მათ ძალიანი კარგი დაცვით, ძალიან კარგი უსაფრთხოებით უზრუნველვყოფთ,“ პასუხობს აშშ-ის ლიდერი.


გაგზავნის თუ არა აშშ „ამერიკელ სამშვიდობოებს“ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად. დონალდ ტრამპმა მედიის ამ შეკითხვასაც უპასუხა.

„ჩვენ ვიმუშავებთ უკრაინასთან, ჩვენ ვიმუშავებთ ყველასთან“, რათა უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა „ძალიან გრძელვადიანი“ იყოს.

„აშშ იმუშავებს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან, რათა „დარწმუნდეს, რომ ის იმუშავებს,“ დასძენს ის.

„თუ ჩვენ შევძლებთ მშვიდობის მიღწევას, ვიცი, რომ ის იმუშავებს. ამაში ეჭვი არ მეპარება,“ ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი. 


ტრამპმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის დღეს აშშ-ში ყოფნისთვის და განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების კუთხით „პროგრესი მიიღწევა.“


მისი თქმით, პუტინთან „ძალიან კარგი“ შეხვედრა ჰქონდა და „დიდი ალბათობით, აქედან რაღაც გამოვა.“ ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ-ის დედაქალაქში შვიდი მსოფლიო ლიდერიც იმყოფება და ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ, მათთან ისაუბრებს.


რეპორტიორი ტრამპს ასევე ეკითხება მის წინა განცხადებებთან დაკავშირებით, რომ ზელენსკის შეუძლია ომის დაუყოვნებლივ დასრულება, თუ მას ეს სურს. ტრამპი ამბობს, რომ მისი აზრით, ეს სიმართლეა და რომ რუსეთი, უკრაინა და აშშ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ, სადაც ომის დასრულების „კარგი შანსი“ იქნება. 


ტრამპი ამბობს, რომ გასულ კვირას „ბევრი ადამიანი“ დაიღუპა. ის ამბობს, რომ მას და ზელენსკის სურთ, რომ ეს დასრულდეს და რომ იგივეს ფიქრობს პუტინის შესახებ. ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რომელ მხარეს, რუსეთს თუ უკრაინას, აქვს უკეთესი კარტები.


აშშ-ის პრეზიდენტი პასუხობს, რომ არ სურს, ეს თქვას და რომ „ეს მისი ომი არ არის.“ ის კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ომი უნდა დასრულდეს და ამბობს, რომ მას სურს, რომ ეს ყველასთვის კარგად დასრულდეს. სამმხრივი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.


თავის მხრივ, ზელენსკი მადლობას უხდის ტრამპს მიწვევისა და ომის შესაჩერებლად მისი „პირადი ძალისხმევისთვის.“

ის ასევე მადლობას უხდის აშშ-ის პირველ ლედის მელანია ტრამპს ვლადიმერ პუტინისთვის რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების შესახებ წერილის გაგზავნისთვის.

ზელენსკიმ ტრამპს უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას წერილი გადასცა, რომელიც მისივე განმარტებით, მელანია ტრამპისთვის არის განკუთვნილი.


ზელენსკი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ტრამპის „დიპლომატიური გადაწყვეტის“ გეგმებს. 

უკრაინის პრეზიდენტს მედიამ ჰკითხა, განიხილავს თუ არა ის ტერიტორიის დათმობას. უკრაინის ლიდერი პასუხობს, რომ „ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი, შევაჩეროთ რუსეთი.“ 


ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელები ძლიერები არიან და რომ ისინი მხარს უჭერენ ტრამპის გეგმებს, დაასრულოს ომი „დიპლომატიური გზით.“ ის ამბობს, რომ სურს, სამმხრივი შეხვედრა ჰქონდეს აშშ-ის პრეზიდენტთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.