ირაკლი კობახიძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენთვის სამართლიანობა წითელი ხაზია

„სამართლიანობა არის ერთადერთი წითელი ხაზი, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით. ჩვენ გვაქვს მთავარი კრიტერიუმი, რომ შეთანხმება რომელიც შედგება, სამართლიანი უნდა იყოს და ჩვენ, ბუნებრივია, ვიხელმძღვანელებთ სამართლიანობის პრინციპით - რასაც ჩავთვლით სამართლიანად, იმას მოვაწერთ ხელს. წითელი ხაზია სამართლიანობა“, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ მიმდინარე დიალოგი წარმატებით დასრულდება.

„ამის წინაპირობა არის ის, რომ რაღაც მომენტში ერთად უნდა დავსხდეთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, პოლარიზაცია და რადიკალიზაცია არის ის, რაც იმ მხარის ინტერესშია, რომელიც არ არის კეთილგანწყობილი საქართველოს მიმართ.

„ვინ უწყობს ხელს პოლარიზაციას და რადიკალიზაციას, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.