პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 აგვისტოს განაცხადა, რომ პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ტერიტორიულ საკითხს პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან განიხილავს, უკრაინა მოლაპარაკებების უპირობოდ ჩატარების მოწოდებით გამოდის.
„ტერიტორიის საკითხი ის საკითხია, რომელსაც ჩემსა და პუტინს შორის დავტოვებთ. უსაფრთხოების გარანტიებზე, სავარაუდოდ, ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკება მოხდება,“ - განუცხადა ზელენსკიმ თეთრი სახლის წინ შეკრებილ მედიას ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.
მან თქვა, რომ საუბარი „საკმარისად ხანგრძლივი“ იყო და რომ ის მოიცავდა აშშ-სა და უკრაინის მიერ მომზადებულ რუკებზე პირდაპირ მუშაობას.
ზელენსკიმ განმარტა, რომ აღმოსავლეთ უკრაინისა და ყირიმის ნაწილები ოკუპირებული იყო არა მძიმე ბრძოლების, არამედ, ამ ტერიტორიებზე სამხედრო მოქმედებების არარსებობის გამო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეცდომაში შემყვანი იქნებოდა იმის მტკიცება, რომ დიდი ტერიტორიები დაიკარგა მხოლოდ რუსეთის სამხედრო ძლიერების გამო.
„უკრაინის ზოგიერთი ნაწილი სამხედრო ძალით არ იყო ოკუპირებული და ეს უნდა იყოს გათვალისწინებული სამშვიდობო მოლაპარაკებებში,“ განაცხადა ზელენსკიმ რუსეთის მოთხოვნის ფონზე, შეინარჩუნოს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორია.
„ყირიმში მასიური საომარი მოქმედებები არ ყოფილა. ამიტომ, არ შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დიდი ნაწილი ოკუპირებული იყო იმიტომ, რომ რუსებს ძლიერი არმია ჰყავდათ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.