უკრაინა აზერბაიჯანთან გაზის მიწოდების ახალ შეთანხმებებზე მუშაობს

უკრაინა აზერბაიჯანთან ბუნებრივი გაზის მომდევნო მიწოდებებზე მოლაპარაკებებს განაგრძობს. ასევე, უკრაინულ-ამერიკული რეკონსტრუქციის ფონდის ფარგლებში, არარეზიდენტებისთვის, მიწისქვეშა საცავებში გაზის ჩატუმბვისა და მოპოვების შესაძლებლობა განიხილება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა სვიტლანა ჰრინჩუკმა განაცხადა.


Interfax-Ukraine-ს ცნობით, მინისტრმა ჰრინჩუკმა დაადასტურა, რომ კიევი აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ახალ მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. განხილვები ასევე მოიცავს უცხოური კომპანიებისთვის უკრაინის მიწისქვეშა ობიექტებში გაზის შენახვის ნებართვის მიცემას და ამერიკულ-უკრაინული რეკონსტრუქციის ფონდის ფარგლებში, უფრო ფართო თანამშრომლობას. ახალი მარაგი უკრაინამ შესაძლოა, ზამთრის გათბობის სეზონამდეც კი მიიღოს, თუ მხარეები დროულად მიაღწევენ შეთანხმებას.


ტრანსბალკანური დერეფნის მეშვეობით აზერბაიჯანული გაზის მიწოდების საცდელი ეტაპი უკვე დასრულდა და ორივე მხარე ამჟამად გრძელვადიანი, ორმხრივი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ოფიციალური პირები აღიარებენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის შემდგომი დარტყმების რისკებს, ისინი ასევეხაზს უსვამენ მიწოდების დივერსიფიკაციისა და სანდო მოკავშირეებთან პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას.


ცნობისთვის, ორშაბათს, 18 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთმა უკრაინის ოდესის რეგიონში, SOCAR-ის ნავთობსაცავზე დრონებით მიიტანა იერიში. ეს აზერბაიჯანის საკუთრებაში არსებულ ენერგეტიკულ ობიექტებზე ათი დღის განმავლობაში მეორე თავდასხმა იყო. პირველი თავდასხმა 8 აგვისტოს მოხდა. დარტყმის შედეგად, განადგურდა საწვავის 17 შესანახი ავზი, სატუმბი სადგური და სხვა ტექნიკური საშუალებები.  


აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ოდესაში, SOCAR-ის საცავზე რუსეთის პირველი დარტყმიდან რამდენიმე დღეში, პრეზიდენტმა ალიევმა ზელენსკის აცნობა, რომ აზერბაიჯანი უკრაინას დამატებით 2 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევდა. გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობა აჩქარებს.