ზელენსკიმ პუტინთან მოსკოვში შეხვედრაზე უარი თქვა - მედია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში შეხვედრა შესთავაზა, ზელენსკიმ უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი და საინფორმაციო სააგენტო AFP-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.


უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა BBC-ის განუცხადა, რომ უკრაინამ “დაუყოვნებლივ უარყო” ვლადიმერ პუტინის წინადადება, რომ ლიდერები ერთმანეთს მოსკოვში შეხვედროდნენ.

უფრო ადრე, AFP-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ პუტინმა მსგავსი წინადადება დონალდ ტრამპთან ორშაბათს გამართული საუბრის დროს გააჟღერა.


„როგორ რეაქციას ელით ჩვენგან? მან [პუტინმა] თქვა ეს, ყველამ დაუყოვნებლივ უარყო, და გუშინ უკვე გავცდით ამ თემას,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა BBC-სთან საუბარში.


19 აგვისტოს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინიაციო კასისმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა იმ შემთხვევისთვის, თუ პუტინი და ზელენსკი შვეიცარიაში გადაწყვეტენ შეხვედრას, ის რუსეთის პრეზიდენტს იმუნიტეტს შესთავაზებს, რომელიც მას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დევნისგან დაიცავს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცდილობს ამგვარი შეხვედრის ორგანიზებას. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრა ევროპაში უნდა შედგეს. Reuters-ი იტყობინება, რომ შეხვედრა შეიძლება შედგეს ბუდაპეშტში, რადგან უნგრეთმა სისხლის სამართლის სასამართლო დატოვა და ის არ აღიარებს მის ორდერებს სახელმწიფოთა მეთაურების წინააღმდეგ.