ისტორიაში პირველად, იაპონიის თავდაცვის მინისტრი თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა სამშაბათს, 19 აგვისტოს, ანკარაში ვიზიტის დროს თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობა და თურქული წარმოების დრონების შესაძლო შესყიდვა განიხილა, რაც ტოკიოს შეიარაღებულ ძალებში უპილოტო სისტემების როლს აფართოებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


გენ ნაკატანი იაპონიის თავდაცვის პირველი მინისტრია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია - NATO-ს წევრ ქვეყანას, რომელიც ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ ეკონომიკური და სხვა სახის კავშირების გაფართოებას ცდილობს. თურქეთი და იაპონია აშშ-ის მოკავშირეები არიან.


ნაკატანი თურქ კოლეგას იაშარ გიულერს შეხვდა, რათა თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის, თურქული წარმოების დრონების შესაძლო მიწოდების შესახებ ესაუბრათ


თურქული მედიის ცნობი, ვიზიტის დროს ნაკატანი თურქეთის თავდაცვის კომპანიებსა და ობიექტებს დაათვალიერებს, მათ შორის, თურქეთის აერონავტიკის მრეწველობას (TAI), საზღვაო გემთსაშენებს და დრონების მწარმოებელ Baykar-ს, რომლის პროდუქციასაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს, კიევისთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.


„თურქულმა ფირმებმა დრონები რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის, უკრაინას მიაწოდეს, ხოლო იაპონია თავის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების გასაფართოებლად ემზადება,“ წერს მედია. დიპლომატიური წყაროს ცნობით, იაპონია თურქულ დრონებს განიხილავს, როგორც ამ ძალისხმევის ერთ-ერთ პოტენციურ ვარიანტს. ნაკატანის ვიზიტი თურქეთში 17-დან 22 აგვისტომდე დაგეგმილი რეგიონული ტურნეს ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს ჯიბუტსა და იორდანიასაც.