კრისტიან დანიელსონის მოლაპარაკებები მმართველ გუნდთან გაგრძელდება, მანამდე კი, ევროპელი დიპლომატი ისევ ოპოზიციას ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ ლიდერებს ისევ შეხვდება, დღეს რიგით მეორე შეხვედრა შედგა, თუმცა მოლაპარაკებები მმართველ გუნდთან სავარაუდოდ დღეს გაგრძელდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მანამდე, ამავე შენობაში, „ქართული ოცნების“ შემდეგ, ევროპელი დიპლომატი კვლავ ოპოზიციას შეხვდება. მმართველი გუნდის ოპონენტებთან შეხვედრის დაწყებამდე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა და აცხადებდა, რომ თუ ოპოზიცია სამართლიანობის და რეალობის გადმოსახედიდან შეხედავს შეთანხმების შესაძლო პირობებს, შეთანხმება მიღწევადია.

„ქართული ოცნება“ სამართლიან პირობებში შეთანხმებისთვის მზადაა. ამ დიალოგში ჩვენს პასუხისმგებლობას სრულად ვაჩვენებთ, რაც არის ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და რაც არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობა, რომლებმაც პანდემიის მიუხედავად მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში და ორმა მილიონმა მისცა ხმას სხვადასხვა პარტიას.

ჩვენ ასევე ვაფასებთ ჩვენი მხარდამჭერების არჩევანს და გვსურს ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც იქნება მდგრადი, გრძელვადიანი და რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ თანამშრომლობას.

ამისთვის „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიული რეფორმები გაატარა და რასაკვირველია, თუ ვინმეს სურს, პირველ რიგში ჩვენ გვსურს, ამ დემოკრატიულმა რეფორმებმა მოიტანოს სტაბილური და ისეთი პოლიტიკური კულტურა, სადაც არა ზიზღი, ურთიერთდაპირისპირება, არამედ თანამშრომლობა, მშვიდობიანი განაწილება საქმის იქნება შესაძლებელი.

ამ დიალოგში მოგვეცა როგორც ხელისუფლებას მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის კიდევ ერთხელ დეტალურად აგვეხსნა, რა არის ქვეყანაში პოლიტიკური კონტექსტი და რა გამოწვევები და საჭიროებები დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ერთი რამ არის ცალსახა - ევროკავშირის მხრიდან საქართველოს აქვს ურყევი მხარდაჭერა და ამ დიალოგში ჩვენი პარტნიორების მონაწილეობა სწორედ ამ მხარდაჭერას გამოხატავს.“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის შემდეგ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია კი შეხვედრის დაწყებამდე დააფიქსირა სალომე სამადაშვილმა. მისი თქმით, შეთანხმების ერთადერთი საგანი, რომელზეც დღეს საუბარი შეუძლიათ,. ვადამდელი არჩევნები; ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაა.

„საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ უკვე წავედით გარკვეულ კომპრომისებზე, როდესაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განვაცხადეთ, რომ დაე, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, პლებისციტის გზით, ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები. მიგვაჩნია, რომ ქვეყანას, კრიზისიდან გამოსასვლელად, სჭირდება ვადამდელი არჩევნები. შეთანხმების ერთადერთი საგანი, რომელზეც დღეს შეგვიძლია, ვისაუბროთ, არის ის, თუ როგორ მივალთ ამ არჩევნებამდე. ცხადია, პოლიტპატიმრების - ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება ოპოზიციის უკლებლივ ყველა სუბიექტის მოთხოვნად. ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც უნდა გადადგას ყველა ნაბიჯი, რომ თავიდან აიცილოს კრიზისის გამწვავება“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.