სიბიჰა: რუსეთმა უკრაინაში ამერიკული საწარმო დაბომბა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ მუკაჩევოზე რუსული დარტყმის სამიზნე ელექტრონიკის მწარმოებელი ამერიკული ქარხანა იყო. სიბიჰას თანახმად, საწარმო „სრულად სამოქალაქო ობიექტი იყო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო თავდაცვასთან ან არმიასთან.“


„ეს არ არის პირველი რუსული თავდასხმა ამერიკულ საწარმოებზე უკრაინაში, წელს კიევში Boeing-ის ოფისებზე დარტყმების და სხვა თავდასხმების შემდეგ,“ - წერს სიბიჰა. „არანაირი სამხედრო ლოგიკა ან აუცილებლობა, უბრალოდ ტერორი ადამიანების, ბიზნესისა და ჩვენს ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების წინააღმდეგ,“ წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.


„უკრაინელი ოფიციალური პირები რუსეთის მიერ ამერიკულ საწარმოებზე დარტყმების შესახებ იუწყებიან, იმ ფონზე, რომ აშშ-ის ამჟამინდელი მთავრობა უკრაინაში თავისი ბიზნესების ყოფნას ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიად მიიჩნევს. რუსეთის სამხედროებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი მუკაჩევოზე დარტყმაზე,“ წერს BBC.


უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაბომბვის შედეგად, მუკაჩევოში 15 ადამიანი დაშავდა. მუკაჩევო ზაკარპატიეს ოლქის ქალაქია, რომელიც უნგრეთის საზღვრიდან 35 კილომეტრში მდებარეობს. 


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ამერიკული საწარმო, რომელიც რუსული დაბომბვის სამიზნე გახდა, საყოფაცხოვრებო საქონელს - ყავის აპარატებს აწარმოებდა. ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო საწარმო, ამერიკული ინვესტიცია.


„გუშინ ღამით, რუსეთის არმიამ თავისი ერთ-ერთი გიჟური ანტირეკორდი დაამყარა. მათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის საწარმოები, საცხოვრებელი შენობები, ჩვენი ხალხი დაბომბეს.“

„რუსებმა ეს დარტყმა ისე განახორციელეს, თითქოს, არაფერი იცვლებოდა. თითქოს, მსოფლიო არანაირ ძალისხმევას არ იჩენდეს ამ ომის შესაჩერებლად. ამაზე რეაგირებაა საჭირო. მოსკოვისგან ჯერ კიდევ არ არსებობს სიგნალი იმისა, რომ ისინი ნამდვილად აპირებენ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყებას და ამ ომის დასრულებას. საჭიროა ზეწოლა. მკაცრი სანქციები, ძლიერი ტარიფები. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება,“ - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.