აშშ-მ სანქციები დააწესა კომპანიებისა და ხომალდების ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი არიან ირანული ნავთობის ტრანსპორტირებასა და გაყიდვაში.
ახალი სანქციები შეეხება 13 ორგანიზაციას, რომლებიც განლაგებულია ჰონგ-კონგში, ჩინეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და მარშალის კუნძულებზე, ასევე – რვა ხომალდს.
სანქციები დაუწესდა საბერძნეთის მოქალაქეს, ანტონიოს მარგარიტისს და მის კომპანიებსა და ხომალდების ქსელს, რომლებიც, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ჩართული იყვნენ ირანული ნავთობის ტრანსპორტირებაში სანქციების გვერდის ავლით.
„დღევანდელი ღონისძიებები მარგარიტისისა და მისი ქსელის წინააღმდეგ ასუსტებს თეირანის უნარს, დააფინანსოს თავისი თანამედროვე შეიარაღების განვითარების პროგრამები, მხარი დაუჭიროს ტერორისტულ ჯგუფებს და საფრთხე შეუქმნას ჩვენი ჯარისა და მოკავშირეების უსაფრთხოებას,“ – განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სკოტ ბესენტმა.