ავსტრალიის ხელისუფლებამ თეირანი ანტისემიტურ თავდასხმებში დაადანაშაულა და ირანის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად შვიდდღიანი ვადა მისცა.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანიზმა განაცხადა, რომ ავსტრალიის უსაფრთხოების სადაზვერვო ორგანიზაციამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ირანს კავშირი აქვს ცეცხლის განზრახ გაჩენის, სულ მცირე ორ შემთხვევასთან, სიდნეისა და მელბურნში.
დეკემბერში, მელბურნის გარეუბანში ერთ-ერთი სინაგოგისთვის ცეცხლის წაკიდების საქმეზე ორ კაცს წაუყენეს ბრალი. მეორე შემთხვევა იანვარში მოხდა, როდესაც ხანძარი სიდნეის გარეუბანში, კოშერულ რესტორანში გაჩნდა. ავსტრალიის უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, სავარაუდოდ, ირანი ხელმძღვანელობდა მომდევნო თავდასხმებსაც.
„ეს იყო აგრესიის განსაკუთრებული და საშიში აქტები, რომლებიც უცხო ქვეყნის მიერ ავსტრალიის მიწაზე იყო ორგანიზებული. ეს იყო სოციალური ერთიანობისთვის ძირის გამოთხრისა და ჩვენს საზოგადოებაში უთანხმოების დათესვის მცდელობები,“ – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტმა.
მთავრობა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს. ენტონი ალბანიზის განცხადებით, ავსტრალიამ თეირანში თავისი საელჩოს მუშაობა შეაჩერა და ყველა თავისი დიპლომატი უსაფრთხოდ გადაყვანილია მესამე ქვეყანაში.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრ პენი ვონგის განცხადებით, ირანის ელჩს აჰმად სადეგისა და ირანის საელჩოს სამ თანამშრომელს ქვეყნის დასატოვებლად შვიდდღიანი ვადა მისცეს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათი ელჩის გაძევების გადაწყვეტილება „ავსტრალიის შიდა პოლიტიკით იყო განპირობებული“.
ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ავსტრალიიდან ირანის ელჩის პირველი ამგვარი გაძევებაა.
Reuters-ი წერს, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმისა და ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ავსტრალიაში საცხოვრებელ სახლებზე, სინაგოგებზე, სკოლებსა და მანქანებზე ანტისემიტური თავდასხმები განხორციელდა. ასევე, გაიზარდა ისლამოფობიური შემთხვევების რაოდენობა.