აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტელეარხ „ალ არაბიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 1920 წლის აპრილში რუსეთის არმია აზერბაიჯანი შეიჭრა და მისი ოკუპაცია მოახდინა.
მანვე აღნიშნა, რომ როდესაც რუსეთის იმპერია 1917 წელს დაიშალა, აზერბაიჯანმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა დააარსა.
„ბოლშევიკებმა, რომლებმაც 1917 წელს რევოლუცია მოახდინეს, ხალხს მოატყუეს. მათი ლოზუნგები იყო „ქარხნები მუშებს, მიწა ფერმერებს, თავისუფლება ხალხისთვის.“ ჩვენ შევქმენით ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ ბოლშევიკებმა ის წაგვართვეს,“ - აღნიშნა ალიევმა.
„1920 წლის ნოემბერში, სულ რაღაც რამდენიმე თვეში, საბჭოთა რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა ზანგეზური — ის, რასაც ჩვენ დასავლეთ ზანგეზურს ვუწოდებთ — აზერბაიჯანისგან წაერთმია და სომხეთისთვის გადაეცა. ასე გაიყო აზერბაიჯანი ორ ნაწილად: მატერიკულ და ნახიჩევანის ნაწილად, დასავლეთ ზანგეზური კი, შუაში იყო. საბჭოთა კავშირის დროს ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან არ იყო საზღვრები და არც ომები. ადამიანებს შეეძლოთ, თავისუფლად გადაადგილებულიყვნენ მანქანით ან რკინიგზით მატერიკიდან ნახიჩევანში. მაგრამ მას შემდეგ, რაც სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო, მათ ეს დამაკავშირებელი ხაზი გაჭრეს. მათ დერეფანი გაჭრეს,“ - განაცხადა ალიევმა.