,,გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტის დასრულებამდე და ღრმა კრიზისის განმუხტვისთვის ცოტა დრო დარჩა.
როგორც დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, დღეს შეხვედრები კიდევ გაგრძელდება, ამიტომაც მას იმედი აქვს, რომ საბოლოო ჯამში მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა მოხდება.
,,ოპოზიციიდან ამ ჯგუფში ყველას აქვს გათვითცნობიერებეული, რომ კომპრომისები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ორივე მხრიდან და ასევე ყველას აქვს გაცნობიერებული, რომ გვაქვს ძალიან ცოტა დრო იმისათვის, რომ სანამ ეს ადამიანი იქნება ჩამოსული შევძლებთ და მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც განმუხტავს ამ ღრმაკრიზის.
ცხადია, სხვა დეტალებს ამჯერად ვერ მოგიყვებით, იმიტომ რომ ეს არ იყო ბოლო შეხვედრა. დღეს შეხვედრები კიდევ გაგრძელდება.
იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოო ჯამში ეს შეხვედრები შეთანხმებით დასრულდება", - განაცხადა ჯაფარიძემ.
,,ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით კი, შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა და ნაბიჯ-ნაბიჯ კრიზისის განმუხტვისკენ მიდიან.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში, ბატონმა დანიელსონმა ძალიან სერიოზული სამუშაო ჩაატარა. იმედი მაქვს, რომ უახლოესი საათები კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნისთვის კარგ შედეგს მივიღებთ. თქვენ იცით, რომ, გარდა სხვა მოთხოვნებისა, ჩვენი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ახლა მიდის საუბარი მექანიზმებზე - თუ როგორი ფორმითა და რა დროს უნდა დაინიშნოს. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ეს ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია. ბატონმა დანიელსონმა ბატონი შარლ მიშელის 6-პუნქტიანი დოკუმენტი უფრო სერიოზულ დოკუმენტად გადააქცია“ - განაცხადა ხაზარაძემ.
შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც და განაცხადა, რომ გარკვეული პროგრესის არსებობა მას პოზიტიურად განაწყობს.
„დღის ბოლომდე კიდევ იქნება შეხვედრა, რაღაც საკითხები დაზუსტდება და შესაძლოა, მხარეების პოზიცია კიდევ დაახლოვდეს. ყველას უნდა გვქონდეს რაციონალური პოზიცია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დღის ბოლომდე, იმ საკითხებზე, რაც დარჩა, ვიხილავთ რაღაც ახალ პოზიციებს „ქართული ოცნების“ მხრიდან. ასევე ხაზი მინდა გავუსვა - დოკუმენტზე, რომელზეც ვმუშაობდით, ეს არის არა მხარეების დოკუმენტი, არამედ ევროკავშირის და აშშ-ის მიერ დადებული საბაზისო დოკუმენტი, რის გარშემოც მიდის მუშაობა“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.