ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების აქცია ქუთაისში დასრულდა. ორგანიზატორების ინფორმაციით, მომავალი საპროტესტო აქცია დედაქალაქში გაიმართება, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შეკრებილების ნაწილი დღეს ცენტრალურ მოედანზე ღამისთევას აპირებს.

აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას არ დატოვებს, საპროტესტო ტალღა დედაქალაქში გადაინაცვლებს.

ისინი ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმის გაგრძელებას არ აპირებენ.

„მინდა, ვთხოვო ხელისუფლებას, ნუ ეცდებიან საკუთარი მოსახლეობის დისკრედიტაციას, და ნუ გააკეთებენ დაცინვას, რომ აქ ვინმე არის ჰომოფობი. ბატონებო, ნუ გააღრმავებთ უფსკრულს, რომელიც უკვე ისედაც არის. ჩვენ არაფრის არ გვეშინია, დამოუკიდებელი ხალხი ვართ. ხელისუფლებას შევახსენებთ – თუ თქვენ არ გვემსახურებით, მაშინ გაგიშვებთ და მოვიყვანთ იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩვენ გვემსახურება”, – განაცხადა რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.

მოთხოვნასა და გამართულ აქციაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა გამოეხმაურა.

„უნდა გავმიჯნოთ ორი რამ: ერთია დიალოგის სურვილი იმისთვის, რომ პროექტი უკეთესი გახდეს, ბევრი წუხილი, რომელიც არსებობს, იყოს გათვალისწინებული, ჩვენ ამას ყოველთვის მივესალმებით და მეორე ნაწილი არის ის, რომ „პროექტი არ გვინდა, საერთოდ, ჰესები არ გვინდა“. მათ ამ მსჯელობაში, რა თქმა უნდა, ვერ შევყვებით, მაგრამ მზად ვართ, ავხსნათ, თუ რამდენად დამაზიანებელია ქართული, ეროვნული ინტერესებისთვის საკუთარი ენერგორესურსების არგანვითარება და იმპორტზე მზარდი დამოკიდებულება. მინდა, გამოვთქვა სურვილი, რომ მალე, ქუჩიდან ეს საუბრები გადაინაცვლებს სამუშაო ფორმატში. ამისთვის ჩვენ მზად ვართ“ - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.