მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი დიდხანს გაგრძელდება

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ვარაუდით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული დიდხანს გაგრძელდება, რადგან ომების უმეტესობა სამხედრო დამარცხებით ან ეკონომიკური კოლაფსით მთავრდება - ამ სცენარს ის ვერც რუსეთისთვის და ვერც უკრაინისთვის პროგნოზირებს.


„მე შინაგანად ვემზადები იმისთვის, რომ ეს ომი დიდხანს გაგრძელდება,“ - განუცხადა მერცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-ს.

მერცმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია „უკრაინის კაპიტულაციის ფასად“ და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში უბრალოდ ხვალ სხვა ქვეყანას დაესხმება თავს.


ეს განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ორმხრივი შეხვედრისთვის დაწესებული ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე გაკეთდა.


„ორ კვირაში გავიგებთ, იქნება თუ არა მშვიდობა უკრაინაში. ამის შემდეგ, შესაძლოა, სხვა ტაქტიკა გამოვიყენოთ,“ - განაცხადა ტრამპმა 21 აგვისტოს.