მუსიკოსი და რეჟისორი მანანა მენაბდე გარდაიცვალა

ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი მანანა მენაბდე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხელოვანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.

„ჩემი შავი მარგალიტი უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ ეს იყო ყველაზე ღირსეული შერკინება სიკვდილთან, რაც კი ოდესმე მინახავს. ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ 5 თვის მანძილზე გვერდით დაგვიდგა და მანანას სიცოცხლისთვის ჩვენთან ერთად იბრძოლა,“ - წერს მანანა მენაბდის დისშვილი, მსახიობი განო მელითაური სოციალურ ქსელში.

მანანა მენაბდე ბოლო თვეებში მძიმე დაავადებას ებრძოდა.


მანანა მენაბდის მუსიკალური ნაწარმოებები პირველად ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის ფილმში „დღეს ღამე უთენებია“ აჟღერდა, რომელმაც 1982 წელს კანის კინოფესტივალზე მაყურებლის პრიზი დაიმსახურა. ფილმში მანანა მენაბდე თვითონვე მღეროდა საკუთარ სიმღერებს და ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა.


მუსიკოსმა 1986 წელს მთავარი როლი მიიღო მუსიკალურ საგმირო ეპოსში, ნანა ხატისკაცისა და თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „არსენას ლექსი“, სადაც ის არსენას (ლადო ბურდული) დედის როლს ასახიერებს. 1991 წელს ნანა ხატისკაცმა ისევ გადაიღო მომღერალი მხატვრულ ტელეფილმში „სიბრძნე სიცრუისა.“

მანანა მენაბდე თანამშრომლობდა ქართულ ფოლკლორულ ჯაზჯგუფებთან „შინ“ და „ადიო.“

იყო საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის მუსიკალური რედაქციის რეჟისორი.