რუმინეთს სურს, ევროკავშირის შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრი საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს

რუმინეთს სურს, რომ შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრი საკუთარ ტერიტორიაზე განათვსოს. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუსორ დანმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

კერძოდ, უსაფრთხოების ცენტრი შეიძლება, განთავსდეს კონსტანცაში.


მანვე ისაუბრა შავი ზღვის მნიშვნელობაზე ევროპის უსაფრთხოებისთვის.

„ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარეობს, რუსეთთან ყველაზე ახლოს მდებარე ევროპის ნაწილია. აქ ჩვენ დამატებითი გამოწვევების წინაშე ვართ. ჩვენ ასევე შავი ზღვის ქვეყანა ვართ, რომელიც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი რუმინეთისთვის და ევროპისთვის.


ის მნიშვნელოვანია, რადგან 2027 წლიდან რუმინეთი გაზის მოპოვებას დაიწყებს და ეს ხელს შეუწყობს როგორც რუმინეთის, ისე ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. ის ასევე არის მნიშვნელოვანი, რადგან არის კომუნიკაციის ყველაზე მარტივი და პირდაპირი გზა ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის, როგორც კი ის უსაფრთხო გახდება,“ – აღნიშნა ნიკუშორ დანმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრის შექმნის ინიციატივა მაისში წარადგინა. ევროკავშირს შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნა სურს პოტენციური უსაფრთხოების მონიტორინგისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.


საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჰაბი იქნება შავ ზღვაში გაფრთხილების ადრეული სისტემა.

„ის დაგვეხმარება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში, როგორებიცაა საზღვაო ინსტალაციები და წყალქვეშა კაბელები. ჰაბი ასევე დაგვეხმარება რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მონიტორინგში“, – აღნიშნა კალასმა.


კაია კალასმა ასევე განაცხადა, შავი ზღვის რეგიონი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ევროკავშირისთვის, რადგან ის აკავშირებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას. შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის.


ევროპელი დიპლომატის თქმით, შავი ზღვის ახალი სტრატეგია არის შავი ზღვის ქვეყნებისთვის ერთგვარი მიწვევა თანამშრომლობის გასაძლიერებლად. კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოწოდებულია შავი ზღვის რეგიონის პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის. კაია კალასის განმარტებით, ამ სტრატეგიის შედეგად სარგებლის მიღება შავი ზღვის ყველა ქვეყანას შეუძლია.


ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს.


შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს.