სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
ამის შესახებ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა და შესაბამისი ვიდეო გამოაქვეყნა.
სომხური მხარის ცნობით, თანამოსაუბრეებმა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ნაბიჯები გაამახვილეს ყურადღება. მხარეები შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე.
ასევე, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული მიდგომების შენარჩუნების აუცილებლობას, რათა შეიქმნას ურთიერთნდობის ატმოსფერო და რეგიონული კომუნიკაციები განვითარდეს.
თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები, სამხრეთ კავკასიაში მდგრადი სტაბილურობისა და მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯების გათვალისწინებით.
ერდოღანმა კმაყოფილება გამოთქვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეული პროგრესის გამო, ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების მიმართ და განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ამ პროცესში წვლილის შეტანას. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ განიხილება თურქეთსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართული ნაბიჯები.
ერდოღანი SCO-ს 25-ე სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა და რეგიონული სტაბილურობისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ალიევთან შეხვედრის დროს განიხილეს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, რეგიონული და გლობალური საკითხები. ერდოღანმა ხაზი გაუსვა თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ რეგიონული განვითარების ინიციატივების კოორდინირებულად ჩამოყალიბების მნიშვნელობას. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი გააგრძელებენ ნაბიჯების გადადგმას თანამშრომლობის განვითარებისთვის მრავალ სფეროში, განსაკუთრებით, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში.