ევროკავშირში გამოკითხულთა შორის, საქართველოს გაწევრების მომხრეები მოწინააღმდეგეებს მცირედით სჭარბობენ.
კერძოდ, „ევრობარომეტრის“ გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის 46% უჭერს მხარს, ხოლო 43% წინააღმდეგია.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ყველაზე მეტად მხარს შვედეთის (71%), ლიეტუვის (62%), დანიისა (61%) და ლატვიის (61%) მოსახლეობა უჭერს.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა (14 ქვეყანა) გაწევრიანების ყველაზე სასურველ კანდიდატად უკრაინას ასახელებს. მეორე ადგილს მონტენეგრო იკავებს და მას შვიდი სახელმწიფოს მოსახლეობა ყველაზე სასურველ კანდიდატად თვლის.
საქართველოს ყველაზე სასურველ კანდიდატად ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორის არცერთი არ ასახელებს.
ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ყველაზე ნაკლებად ჩეხეთსა (29%) და ავსტრიაში (29%) უჭერენ მხარს.
ასევე, გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გამოკითხვა კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებშიც ჩატარდა. საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 74% უჭერს მხარს, ალბანეთში 91%, ჩრდილოეთ მაკედონიაში 69%, სერბეთში 33%, უკრაინაში კი 68%.
ევროკავშირის შესახებ ყველაზე დადებითი წარმოდგენა ალბანეთის მოსახლეობას აქვს (82%). აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოში 43%-ია, უკრაინაში 49%, მოლდოვაში 55%, ხოლო სერბეთში ყველაზე ნაკლები - 38%.
სულ, გაფართოების მომხრე ევროკავშირის მოსახლეობის 56%-ია. გამოკითხულთა შორის, 15-დან 39 წლამდე ასაკის ადამიანების ორი მესამედი თვლის, რომ (პოტენციური) კანდიდატები ევროკავშირში მას შემდეგ უნდა გაწევრიანდნენ, როდესაც ისინი საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.