გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე, იარაღისა და სხვა სამხედრო დახმარების შესაძენად 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტი გადასცა. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ კიევში ვიზიტისას განაცხადა.
მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული დახმარებით შესაძლებელი გახდა უკრაინისთვის ასობით ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის, ასობით საზენიტო რაკეტის, იარაღის სათადარიგო ნაწილების მიწოდება, ასევე აღჭურვილობისა და სამხედრო ტრანსპორტის მოვლისა და შეკეთების მიზნით ახალი კონტრაქტების დადება.
„ბოლო 50 დღის განმავლობაში უკრაინამ დიდი ბრიტანეთისგან მიიღო 4.7 მილიონი ვაზნა მცირეკალიბრიანი იარაღისთვის, 60 ათასი საარტილერიო ჭურვი, რაკეტა და სარაკეტო სისტემა, 2.5 ათასზე მეტი დრონი, 200-ზე მეტი რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემა, 100 ერთეული მსუბუქი შეიარაღება, 30 სატრანსპორტო საშუალება და დამატებითი აღჭურვილობა დრონებისა და საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ საბრძოლველად,“ - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, წელს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე 4.5 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა.
„თავდაცვის მინისტრმა, ასევე პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, ნათლად განაცხადეს, რომ გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთხოება უკრაინაში იწყება. გაერთიანებული სამეფო კვლავ ერთგული რჩება უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართ და წელს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე 4.5 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.