ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ევროპის წამლის სააგენტომ და კიდევ არაერთმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ოფიციალური დასკვნა, რომ რიგ შემთხვევებში ვაქცინირებულ ადამიანში გამოვლენილი გართულებები დაკავშირებული არ იყო AstraZeneca-ს ვაქცინის მიღებასთან.
„პირველი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა ავსტრიაში, შემდეგ დანიაში, იყო შემთხვევები იტალიაში და რამდენიმე ქვეყანამ დროებით შეაჩერა AstraZeneca-ს გამოყენება, თუმცა მხოლოდ იმის გარკვევამდე, სანამ სპეციალური კომისია გაარკვევდა თრომბოემბოლიის და გარდაცვალების შემთხვევები დაკავშირებული იყო თუ არა ვაქცინასთან. ამაზე ინტენსიურად იმუშავა ჯანმოს ვაქცინების უსაფრთხოების სპეციალურმა კომისიამ, ევროპის წამლის სააგენტომ და კიდევ არაერთმა ორგანიზაციამ. მათ უკვე გამოაქვეყნეს ოფიციალური დასკვნა. არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ გართულებები დაკავშირებული იყო AstraZeneca ვაქცინის მიღებასთან.
გარდა იმისა, რომ ეს არ იყო დაკავშირებული პრეპარატთან, რაოდენობრივადაც მეტი არ იყო, ვიდრე არავაქცინირებულ მოსახლეობაში თრომბოემბოლიის შემთხვევები. ძალიან არ მომწონს ტენდენცია, რომ ზოგიერთები შეგნებულად ამბობენ, ვინაიდან პირველი „ფაიზერი“ უნდა შემოსულიყო, ჩვენ გვინდა Pfizer, არ გვინდა AstraZeneca.
ეს არის სუფთა სპეკულაცია, რადგან მსოფლიოში AstraZeneca თავისი ხარისხით არანაკლებ ფასობს Pfizer და ის მეორე ვაქცინაციის შემდეგ 90%-იან დაცვას იძლევა კოვიდისგან, ხოლო პირველი დოზის შემდეგ 60%-იან დაცვა“, – განაცხადა ცერცვაძემ