უზბეკეთის პრეზიდენტის ცნობით, პარასკევს, 5 სექტემბერს გამართული სატელეფონო საუბრისას, უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიიოევი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებასა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
ტრამპმა უზბეკეთის „შეუქცევადი რეფორმები“ შეაქო, ხოლო მირზიიოევმა მას აშშ-ის ადმინისტრაციის „შიდა და საგარეო პოლიტიკის შთამბეჭდავი შედეგები“ მიულოცა. ორივე ლიდერმა სფეროების ფართო სპექტრი, მათ შორის ბიზნეს პარტნიორობა, უსაფრთხოების კავშირები, კულტურული გაცვლა და რეგიონული თანამშრომლობა განიხილა.
მათ ხაზი გაუსვეს სავაჭრო მოცულობის ზრდას, რომელიც 2024 წელს 15%-ით გაიზარდა, ასევე, სამოქალაქო ავიაციის, კრიტიკული მინერალების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ციფრული ტექნოლოგიების, ფინანსების, ინოვაციებისა და განათლების სფეროში პროექტების წინსვლას.
„ამ თვეში, წამყვან ამერიკულ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან გრძელვადიანი და მდგრადი პარტნიორობის დასამყარებლად, ორმხრივი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების სერია გაიმართება,“ - განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის C5+1 ფორმატში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რომელიც ცენტრალური აზიის სახელმწიფოებსა და აშშ-ს აერთიანებს. მირზიიოევმა ტრამპი უზბეკეთში, ხელსაყრელ დროს ოფიციალური ვიზიტით მიიწვია, ხოლო ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ერთობლივი პროექტების წინსვლის მიზნით, მაღალი დონის კონტაქტებს გააგრძელებდნენ. უზბეკეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი „ღია, კონსტრუქციულ და მეგობრულ ატმოსფეროში“ გაიმართა.