რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსუბუქდება.

ორშაბათიდან რეგულაციები მოიხსნება შემდეგ შეზღუდვებზე:

1. მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები;

2. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში;

3.განახლდება სასკოლო წრეების მუშაობა;

4. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით პირველი აპრილიდან შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველ მარტს გაიხსნა მუზეუმები და ბიბლიოთეკები, ბათუმის რესტორნებში მუშაობა შიდა სივრცეებში განახლდა (გარდა შაბათ-კვირისა), ნებადართულია კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება, ფუნქციონირება დაიწყეს საბავშვო ბაღებმა, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფსასწავლებლებში ნებადართულია კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების ჩაბარება.

ქვეყანაში 25 თებერვლიდან აღდგა სასტუმროების მუშაობა სამთო-სათხილამურო კურორტებზე და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

ამას გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა უქმე დღეებშიც.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოიხსნება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა. ის ერთ-ერთია იმ შეზღუდვებიდან, რომელიც პირბადეების ტარებასთან და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვასთან ერთად საქართველოში გაურკვეველი ვადით იმოქმედებს. ეპიდემიოლოგები ამ შეზღუდვას მოქალაქეთა მობილობის შემცირების სურვილით ხსნიან.

8 მარტიდან გაიხსნა სამთო კურორტები და საბაგიერობი, რესტორნებს შიდა სივრცეებს სტუმრების მიღების უფლება მიეცათ, ხოლო ბაზრობებმა და სავაჭრო ცენტრებმა შაბათ-კვირას მუშაობა განაახლეს.