ბელორუსმა 52 პატიმარი გაათავისუფლა, აშშ მინსკისთვის სანქციების ნაწილს ამსუბუქებს - Reuters

ბელორუსმა 52 პატიმარი გაათავისუფლა. ინფორმაციას Reuters-ი ლიეტუვაში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აშშ-ის დელეგაცია, პრეზიდენტ ტრამპის თანაშემწის მოადგილის ჯონ კოულის ხელმძღვანელობით, მინსკში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ვილნიუსში მიემგზავრება, 52 სხვადასხვა ეროვნების პატიმართან ერთად, რომელთა გათავისუფლებაც მოხდა,“ - განაცხადა ლიეტუვაში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა.


ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, გათავისუფლებულ პატიმრებს შორის 14 უცხოელია, მათ შორის, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან.


ამასთან, ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა ჯონ კოულმა განაცხადა, რომ აშშ-ს მინსკში საელჩოს ხელახლა გახსნა სურს.

„ამ ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზებისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენი საელჩოს მინსკში დაბრუნება გვსურს,“ - აღნიშნა კოულმა.


როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ვილნიუსში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლის თქმით, ლუკაშენკოს ამ ჟესტის სანაცვლოდ, აშშ ბელორუსის ეროვნულ ავიაკომპანია „ბელავიას“ სანქციებისგან გაათავისუფლებს, რაც მას საშუალებას მისცემს, მოემსახუროს და შეიძინოს კომპონენტები თავისი ფლოტისთვის, მათ შორის „ბოინგის“ თვითმფრინავებისთვის. სანქციების მოხსნის შესახებ კოულის სიტყვებს ციტირებს ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტაც.“


ცნობისთვის, ბელორუსს NATO-ს სამი ქვეყანა და უკრაინა ესაზღვრება. ლუკაშენკომ პუტინს ნება დართო, ბელორუსის ტერიტორია გამოეყენებინა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის, მაგრამ მის არმიას ომში პირდაპირი მონაწილეობა არ მიუღია.