ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ღაზა ცეცხლშია გახვეული - უკან არ დავიხევთ, ვიდრე მისია არ შესრულდება

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ ღაზაში მასშტაბური სახმელეთო შეტევა დაიწყო. მანამდე, Axios და CNN წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ისრაელმა ქალაქ ღაზაზე კონტროლის დასამყარებლად, სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ „ისრაელის თავდაცვის ძალები ტერორისტულ ინფრასტრუქტურას ურტყამს.

  • „ჰამასისგან“ მხოლოდ ორი რამ გვჭირდება: ყველა მძევლის გათავისუფლება და განიარაღება. ამ თავდასხმის დიდი ძალა პირდაპირ ამარცხებს „ჰამასს“ და ასევე ქმნის უფრო დიდ ბერკეტს მძევლების გასათავისუფლებლად. ჩვენ გვსურს ქალაქზე კონტროლი ავიღოთ, რადგან დღეს ეს არის „ჰამასის“ მმართველობის მთავარი სიმბოლო. დღეს თუ ღაზა დაეცემა... ისინი დაეცემიან,“ - ამბობს კაცი 162-ე დივიზიის შტაბ-ბინაში ვიზიტის დროს, რომლის ჯარისკაცებიც ამჟამად ქალაქ ღაზაში მოქმედებენ. მანვე აღნიშნა, რომ „ჰამასი“ უნდა განიარაღდეს და გაათავისუფლოს მძევლები, წინააღმდეგ შემთხვევაში ღაზა განადგურდება.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქალაქ ღაზიდან 350 000-ზე მეტი პალესტინელის ევაკუაცია განხორციელდა.

„ისრაელის თავდაცვის ძალები ტერორისტულ ინფრასტრუქტურას ურტყამს. ჩვენ უკან არ დავიხევთ, სანამ მისია არ შესრულდება,“ - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

ცნობისთვის, ეს მოვლენები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და ნეთანიაჰუს მოლაპარაკებებიდან რამდენიმე საათის შემდეგ განვითარდა.

რუბიო ისრაელიდან კატარში მიემგზავრება. კატარი „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მოლაპარაკებებში შუამავლობს.

რუბიოს თქმით, შეთანხმების მისაღწევად, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე კვირა იყოს დარჩენილი.

„ვფიქრობთ, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებისთვის ძალიან მოკლე ვადა გვაქვს. თვეები აღარ გვაქვს და ალბათ დღეები და, შესაძლოა, რამდენიმე კვირაც დაგვრჩა,“ - აღნიშნა რუბიომ.

გაეროს საგამოძიებო კომისიის დასკვნის თანახმად, ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა, ხოლო ისრაელის ქმედებებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიჰუმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა ხელი შეუწყვეს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს საგამოძიებო კომისიის დასკვნა უარყო და აღნიშნა, რომ ის „ჰამასის“ ტყუილებზეა დაფუძნებული.